ახალი ამბები

ინვესტორი ჯარისკაცების საფლავებთან

6 თებერვალი, 2012 • 1101
ინვესტორი ჯარისკაცების საფლავებთან

ბათუმი
ბათუმი

ძველი ბათუმის ტერიტორია, სადაც დრამატული თეატრის შენობა  და  ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა სკვერია, აჭარის მთავრობამ  გაასხვისა. შპს „სისთემ ინშაათს“ მთავრობამ ძვირადღირებული ქონება თვითღირებულებაზე, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ნორმაზე, იაფად მიყიდა. გმირთა საფლავების გვერდით ინვესტორმა 40-სართულიანი მრავალფუნქციური სახლი უნდა ააგოს. ბათუმის საკრებულომ სკვერის გადაცემის მოთხოვნაზე მთავრობას უარი ორჯერ უთხრა, თუმცა საბოლოოდ უმრავლესობის წევრებმა ლევან ვარშალომიძის მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

იმ ადგილზე, სადაც 1921 წელს ოსმალეთის იმპერიასთან ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული 50 ქართველი ჯარისკაცია დაკრძალული (ისტორიკოსების ცნობით მაშინ 200-მდე მებრძოლი დაიღუპა), აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ინვესტორი 40-სართულიან სახლს ააშენებს. მთავრობა თავდაპირველად მთლიან ტერიტორიას ყიდდა, მაგრამ ისე გადაწყდა, რომ გმირთა საფლავები, ამ ეტაპზე მაინც, ხელშეუხებელი რჩება, სახლი გვერდით აშენდება. „გმირთა სკვერი“ აჭარის მთავრობამ ინვესტორს, კომპანია „სისთემ ინშაათს“, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, 914 130 ლარად მიჰყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიის მფლობელს კომპანიის დარეგისტრირებაში მერიის იურისტი დავით ჯაიანი ეხმარებოდა. დავით ჯაიანი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ მას ამ შემთხვევაში, როგორც მერიის თანამშრომელს, არ უმოქმედია. “მეგობრის თხოვნით ჩავერთე კომპანიის რეგისტრაციაში”.

სკვერის გასხვისების წინააღმდეგი იყო ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია.
საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს სთხოვდა, აჭარის მთავრობისთვის სკვერის გადაცემაზე უარი ეთქვათ. „ეს საკითხი პირველად სექტემბერში შემოიტანეს, მაგრამ მაშინ საკრებულომ საკითხის განხილვაზე მთავრობას უარი უთხრა. 22 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე კიდევ გამოიტანეს, სადაც შევთანხმდით, რომ საკითხი ისევ უკან უნდა დაგვებრუნებინა, თუმცა სხდომაზე მაინც გამოიტანეს“, _ ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომის დარბაზი დატოვა. – „ამ ადგილზე დაკრძალულნი არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი დაუფასებელია. დღეს თითოეული ჩემი კოლეგის პასუხისმგებლობის საკითხი დგას და ამაზე პასუხს მომავალი თაობა მოგკითხავთ“.

წინააღმდეგობის მიუხედავად, ბათუმის საკრებულომ სკვერი აჭარის მთავრობას გასაყიდად მაინც გადასცა. „თუმცა მთლიანად ვეღარ, საფლავების ნაწილი -300 კვ/მეტრი გამოყვეს და დანარჩენი გაასხვისეს“, – ამბობს ჩავლეიშვილი.

„ინვესტიცია, თურქულია თუ ავსტრიული, ყველა მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ გმირთა სკვერი არ გაგვისხვისებია. თუ არ ვცდები, სკვერისთვის 750 კვადრატული მეტრი გამოიყო, ხოლო დანარჩენი 2900 კვადრატული მეტრი გასხვისდა. პირიქით, ამ ტერიტორიას სტატუსი მივანიჭეთ და თანხაც გამოიყო მემორიალის დასადგმელად. მალე სკვერისა და მემორიალის მოსაწესრიგებლად კონკურსი გამოცხადდება. ამ გმირებისთვის, რომელთა სიცოცხლის ფასადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემადგენლობაში ვცხოვრობთ, პატივის მიგება მნიშვნელოვანია. ცხადია, ისტორია არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არც ქალაქის ურბანიზაციას უნდა შევუშალოთ ხელი“, –  ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

რა მოგება ნახა ამ ინვესტიციით სახელმწიფომ და რა აუცილებლობის გამო გაასხვისა ხელისუფლებამ სკვერი? – ამ კითხვით აჭარის მთავრობას მივმართეთ. მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურის უფროსის, მირიან ლებანიძის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხი ეკონომიკის მინისტრმა უნდა გასცეს. “ამ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო არის სამინისტრო“, – თქვა მირიან ლებანიძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, სულხან ჯორთმენაძის აზრით, სახელმწიფოს მოგება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. კითხვაზე, რატომ გაიყიდა მიწა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად და ურბანული თვალსაზრისით რამდენად რეკომენდებულია 40-სართულიანი მრავალფუნქიური სახლის აგება სკვერში? – მინისტრის მოადგილე ამბობს: „ურბანულ იერსახეზე მე ვერაფერს გეტყვით, არქიტექტურას უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, მართალია, ხელშეკრულებაში თანხის ოდენობა არ წერია, მაგრამ შენობის სიმაღლე მიანიშნებს, რომ მსხვილი ინვესტიცია ჩაიდება“.

ბათუმის არქიტექტურის სამსახური ძველ ბათუმში მაღლივი სახლების მშენებლობას იმ მოტივით ზღუდავს, რომ ის უბნის არქიტექტურას არ შეესაბამება. სწორედ ამის გამო გასული წლის ივლისში მერიამ გმირთა სკვერის მიმდებარედ არსებული 12-სართულიანი 5 მაღლივი კორპუსის დანგრევაზე განაცხადა. მერიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ძველი ბათუმისთვის მაღლივი კორპუსები მიუღებელია. “ეს თორმეტსართულიანი სახლები ამახინჯებს ქალაქის იერსახეს”, _ ამბობდა მერიის პრივატიზაციისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი, გოგა ლომაძე.

კორპუსებში 240 ოჯახი ცხოვრობს. ისინი მერიის ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ. გოგა ლომაძე ამბობდა, რომ „შენობების დანგრევის შემთხვევაში ამ ოჯახებს  ალტერნატიული ფართობი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე სახლებში მიეცემათ.“ შვიდი თვის შემდეგ მერიის პრივატიზაციისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი „ბათუმელებთან“ 12-სართულიანი კორპუსების დაშლის გადაწყვეტილებას ისევ ადასტურებს: “საკითხი განხილვის პროცესშია და, სავარაუდოდ, მოხდება სახლების ლიკვიდაცია“.

როგორი იქნება ქალაქის ურბანული იერსახე 12-სართულიანი კორპუსების დანგრევის  და იქვე 40-სართულიანი სახლის აგების შემდეგ? ამ კითხვაზე ქალაქის არქიტექტურის სამსახურში პასუხი არ აქვთ: „ამაზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა პროექტი შემოვა. ვერც იმას გეტყვით, როგორ განვითარდება ამ სკვერის ურბანული მხარე“.

რაც შეეხება კომპანიას, შპს „სისთემ ინშაათს“, რომელსაც აჭარის მთავრობამ 40-სართულიანი სახლის მშენებლობის უფლება მისცა, სამეწარმეო რეესტრში 2011 წლის 19 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი მფლობელი თურქი ეროვნების ბიზნესმენი ბურაქ ბაშლილარია, სხვა პარტნიორები, რეესტრის დოკუმენტის მიხედვით, მას არ ჰყავს, იგი შპს-ს 100-პროცენტიანი წილის მფლობელია.

ამ კომპანიას, რომელმაც საქართველოში რეგისტრაცია 19 დეკემბერს გაიარა, აჭარის მთავრობამ, ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე, რეგისტრაციიდან 12 დღეში მიწები სხვაგანაც მიყიდა, მაგალითად, 2 741 401 ლარის ღირებულების მიწა მწვანე კონცხზე (2467.00 კვ/მ) 1 ლარად გადასცა. იმავე დღეს, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, ინვესტორმა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, 1 444 300 ლარად, იყიდა 14 443.00 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ქალაქის ზღვისპირა ზოლში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 12 971.00 კვ/მეტრ მიწაში კი 1 297 100 ლარი გადაიხადა.

ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორმა შეძენილ მიწებზე სასტუმროები უნდა ააშენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი