ახალი ამბები

თბილისისა და მოსკოვის ცნობები აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შედეგებზე

28 ივნისი, 2016 • 1306
თბილისისა და მოსკოვის ცნობები აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შედეგებზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ 27 ივნისს პრაღაში გამართული შეხვედრის თაობაზე გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის.

თბილისის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის  ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსული მხარის ყურადღება გაამახვილა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან,  საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

“მან აღნიშნა, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და ხაზი გაუსვა დამნაშავის სწრაფად დაპატიმრების აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ზოგადად გაიზიარა ეს პოზიცია, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობა კონკრეტული ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ჩადენილი დანაშაულია და რუსეთის მხარეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი საკითხის განხილვის თაობაზე არაფერია ნათქვამი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელშიც არც აფხაზეთის და არც ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე არაფერია ნათქვამი, რაზეც ქართული მხარის ცნობით ასევე ესაუბრა აბაშიძე კარასინს.

 

ორივე მხარე იუწყება, რომ გაიმართა საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე. ქართული მხარის ცნობით, მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.

“შეხვედრაზე ითქვა, რომ 2016 წლის 5 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის შეიმჩნევა სავაჭრო ბრუნვისა და საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკა. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე თვის წინ დაასრულა მუშაობა 2011 წელს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს  ჯაშუშობის ბრალდებით.

“აღინიშნა,რომ განვლილ პერიოდში საქართველოს 6 მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. 28 ივნისს, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე განთავისუფლდება და იგი სამშობლოში დაბრუნდება”, – აცხადებს ქართული მხარი.

მოსკოვის ცნობით, “მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, რომ გააგრძელონ პრაგმატული კურსი ორიმხრივი ურთიერთობის ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის. ამასთან, რუსული მხარის მიერ კვლავ აღინიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული არამეგობრული რიტოიკა, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ეწინააღმდეგება ორივე მხარისთვის ობიექტურად მომგებიან პროცესს”.

ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გაიმართება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის წარმომადგენელს შორის მორიგი შეხვედრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი