ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ

27 ივნისი, 2016 • 1432
პრეზიდენტი: ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ

დღეს, 27 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეწყალებას არ განიხილავს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 45-მა წევრმა 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტს მიმართა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების რეკომენდაციით. მიმართვის ავტორებს შორის იყვნენ ყოფილი სამხედრო პილოტი, უკრაინელი ნადია სავჩენკო და ჰოლანდიელი პარლამენტარი პიტერ ომციგი, რომელიც ე.წ მაგნიტსკის სანქციების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.

“საქართველოში წელს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ცალკეული პირების მიერ ოპოზიციის წევრების მიმართ ჩადენილი ორგანიზებული ძალადობის ფაქტები. მთავრობის პასუხისმგებლობაა, დასაჯოს დამნაშავეები. მთავრობის უუნარობა სადამსჯელო ღონისძიებების გატარების კუთხით სერიოზულ კითხვებს ბადებს საქართველოში თამაშის თანაბარ პირობებზე”, – ვკითხულობთ PACE-ის წევრების მიერ 22 ივნისს გავრცელებულ მიმართვაში. მიმართვის ავტორებს შორის არიან ჩეხეთის, ლიტვის, უკრაინის, პოლონეთის, იტალიის, სან-მარინოს, ავსტრიის, უნგრეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლუქსემბურგის, მოლდოვის, ანდორის, ისლანდიის, კვიპროსის, შვედეთის, რუმინეთის, მონაკოს, ნიდერლანდების ოფიციალური პირები.

“14 ივნისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ერთსულოვანი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ. ბატონი მერაბიშვილი მხოლოდ მესამე პოლიტიკური ფიგურაა, ვის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ეს მუხლი დაირღვა”, – ნათქვამია PACE-ის მიმართვაში მარგველაშვილის მიმართ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების გავრცელებულ მიმართვის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მინისტრთა კომიტეტის (ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოს) პრაქტიკა არის რეკომენდაცია – გათავისუფლდეს ის ადამიანი, ვისი საქმეც განიხილება, და ყველა ბრალდება მოეხსნას. “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური ძალაუფლება და პატივი სცეს ამ გადაწყვეტილებას. ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაკავება წინასაარჩევნო პერიოდში და მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებების დარღვევა უკვე ჩრდილს აყენებს არჩევნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციიდან. პასუხი არის ძალიან მარტივი – ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

წაიკითხეთ  ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი