ახალი ამბები

კარასინი: სანამ აფხაზეთის სტატუსზე კამათი არ შეწყდება, წინ ვერ წავალთ

27 ივნისი, 2016 • 1252
კარასინი: სანამ აფხაზეთის სტატუსზე კამათი არ შეწყდება, წინ ვერ წავალთ

“აფხაზეთი თქვენთვის არის ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. სანამ არ შეწყვეტთ ამ უშედეგო კამათს, წინ ვერ წავალთ. აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა,” – ეს განცხადება გრიგორი კარასინმა დღეს, ხურჩაში მომხდარი მკველობის შეფასების დროს გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები გამართულ მოლაპარაკებებს პოზიტიურად აფასებდნენ.

მართალია, შეხვედრების ფორმატი ამას არ ითვალისწინებს, თუმცა შეხვედრაზე კარასინის განცხადებით 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტიც განიხილეს, როდესაც ე.წ. მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლა. როგორც კარასინი ამბობს, აუცილებელია ინციდენტის გამოძიება და მომავალში მსგავსი ფაქტების განმეორების თავიდან აცილება.

“აუცილებელია მოხდეს იმ ტრაგიკული ინცინდენტის გამოძიება, რომელსაც საქართველოსა და აფზახეთის საზღვარზე 19 მაისს ჰქონდა ადგილი. აუცილებელია დამნაშავეების დასჯა. ეს თემები განვიხილეთ ჟენევის დისკუსიების დროს. ჩვენ ცოტა გვაღელვებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის გამო ემოციური მსჯელობიდან გამომდინარე მთელმა რიგმა ქართველმა პოლიტიკოსებმა მომხდარში მაშინვე რუსეთი დაადანაშაულეს. ჩვენ ამას საფუძველშივე არ ვეთანხმებით. ამ თემაზე მსჯელობა უნდა წარიმართოს არსებული ფორმატით – ინციდენტების პრევენციისა და მასზე რაგირების ფორმატით, რომელიც, როგორც მე ვიცი, 6 ივლისს შეიკრიბება.”

როგორ გრიგორი კარასინი აცხადებს, აფხაზეთის სტატუსის შესახებ კამათი აფერხებს მოლაპარაკებების პროცესს:

“აფხაზეთი თქვენთვის არის ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა, რომლის დამოუკიდებლობასაც ვაღიარებთ. სანამ არ შეწყვეტთ ამ უშედეგო კამათს, წინ ვერ წავალთ. აუცილებელია არსებული რეალობის აღიარება და ინციდენტში გარკვევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და სამართალმა იზეიმოს. თუ დაუსრულებლად ვიკამათებთ იმაზე, თუ რა ტერიტორიაა, ვინ არის დამნაშავე 2008 წლის ომის ეპიზოდში, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გადავალთ სემინარზე. ამის ნაცვლად უნდა გამოვიძიოთ კონკრეტული ტრაგიკული ინციდენტი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ასეთი ეპიზოდები არ განმეორდეს. საქმეს აფხაზური მხარე იძიებს,” – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი