ახალი ამბები

გამწვანების სამსახური: ვაკე-საბურთალოს გზაზე გამხმარი ხეები ჯანსაღით ჩანაცვლდება

23 ივნისი, 2016 • 2081
გამწვანების სამსახური: ვაკე-საბურთალოს გზაზე გამხმარი ხეები ჯანსაღით ჩანაცვლდება

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაშენებული მცენარეების დაახლოებით 20% ამ დროისათვის ხმობის პროცესში გადადის და, როგორც სამსახურში აცხადებენ, 4700 ნერგიდან 750-მდე ჩანაცვლებას საჭიროებს.

გზის მთელ ნაწილზე გამწვანების პროექტი თბილისის მერიას 600 000 ლარი დაუჯდა. როგორც გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, ამავე თანხაში ნერგების ჩანაცვლებაც იყო გათვალისწინებული, ამიტომ კონტრაქტორი კომპანია “გრინსერვისი” ახალ ნერგებს დამატებითი ხარჯების გარეშე დარგავს.

“გრინსერვისი” მცენარეებზე დაკვირვებას განაგრძობს. ნინო სულხანიშვილის განცხადებით, ახალგადარგულ მცენარებში სიყვითლის გაჩენა მათ გახმობაზე არ მიანიშნებს და ხშირად ადაპტაციის ნაწილია.

როგორც სულხანიშვილი ამბობს, ხეების გახმობის მიზეზი მათ დასარგავად არასწორად შერჩეული დრო ან კლიმატი არ არის, რადგან ჯიშები, რომლებიც თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩა, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ გადაირგას.

“მცენარეთა გახარების კოეფიციენტი საბოლოოდ გვეცოდინება შემოდგომით. ზოგადად, ქალაქის პირობებში ასეთი მცენარეების დარგვა ხდება ნებისმიერ დროს. თუმცა არ ვიცით, შეიძლება ტრანსპორტირების გამო, ან ნერგი იყო დაზიანებული, კვიპაროსის ჯიშის მცენარეებში გაჩნდა პრობლემა. რაც მთავარია, კონტრაქტორი კომპანია იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და სრულად ჩანაცვლდება ყველა გამხმარი მცენარე იმავე ჯიშისა და ზომის ხით,” – აცზადებს ნინო სულხანიშვილი.

გამწვანების საქალაქო სამსახურში დარწმუნებული არიან, რომ შემოდგომით გზის მთელ მონაკვეთზე მწვანე საფარი სრულად გაიხარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი