ახალი ამბები

პროკურატურის განმარტებები კიწმარიშვილის საქმეში არსებული საეჭვო გარემოებების შესახებ

22 ივნისი, 2016 • 1838
პროკურატურის განმარტებები კიწმარიშვილის საქმეში არსებული საეჭვო გარემოებების შესახებ

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით შეწყდა გამოძიება 2014 წლის ივლისში ეროსი კიწმარიშვილის ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლის საქმეზე. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.

პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი. ისინი 23 ივნისს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.

გთავაზობთ პროკურატურის განმარტებას იმ საეჭვო გარემოებებზე, რომელთა შესახებაც, პროკურატურის განცხადებითვე, გამოძიების პროცესში მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა.

“საეჭვო პირი”

“გამოძიების მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა გამოჩნდა საეჭვო პირი,  რომელსაც კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან. აღნიშნული არ არის სიმართლე. საქმე იმაშია, რომ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა და მისმა  ადვოკატებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 15 ივლისის ჩანაწერები, რომელთა მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილის ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე 16 წუთით ადრე, კადრში დაფიქსირდა შავ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პირი (დანართი N23), რომელიც გვერდით ჩაუვლის კორპუსს და შეუჩერებლად გადაადგილდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული პირი არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან, რადგან ის, როგორც უკვე აღინიშნა, კორპუსთან შეუჩერებლად გადაადგილდა და გასცდა შემთხვევის ადგილს იმ დროს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული სახლიდან.

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან უმალვე, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე, გაჩნდა ტაქსის ნიშნით მოძრავი ავტომობილი, საიდანაც საეჭვო პირები გადმოვიდნენ და ავტოფარეხში ჩავიდნენ, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და განაცხადეს ,,ეროსიმ თავი მოიკლაო“. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა. მან გამოძიებას მიუთითა, რომ ინფორმაციის წყარო  მისთვის უცნობი ქალბატონი იყო, რომელმაც ქუჩაში უამბო ზემოთ აღწერილის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ  ინფორმაცია უფლებადამცველს გადასცა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მომუშავე სტილისტმა. აღნიშნული პირი დაიკითხა გამოძიების პროცესში, რა დროსაც მან განმარტა, რომ ტაქსის ნიშნით შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა მივიდა არა პოლიციის თანამშრომლების ეროსი კიწმარიშვილის კორპუსში მისვლამდე, არამედ მას შემდგომ და ეს ინფორმაცია სწორედ ასეთი სახით გადასცა უფლებადამცველს.  გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ტაქსის ნიშნის ავტომობილით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული პირები ატარებდნენ ოპერატიულ ღონისძიებას, რის გამოც მათ ავტომობილს ჰქონდა ტაქსის ნიშანი. ღონისძიების დასრულებისთანავე  კი სწორედ ასეთი ნიშნის მქონე ავტომობილით გამოცხადდნენ გამოძახებულ ადგილზე (დანართი N25 დანართი N26, დანართი N27,დანართი N28).”

საქმის კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით
“გამოძიების პირველივე სტადიაზე ცალკეული პირები სვამდნენ შეკითხვას: რატომ  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, გამომძიებელი გამოძიებას იწყებს იმ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას აქვს. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ ავტომობილში საფეთქელზე დაზიანებით და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირველადი ინფორმაცია სწორედ ზემოთ მითითებული მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლეოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია კვალიფიკაციის შეცვლა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს დაბრკოლებას გამომძიებლისთვის შეისწავლოს და გამოიკვლიოს მომხდარის ნებისმიერი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ზემოთ მითითებული მუხლით, გამოძიების პროცესში განხორციელდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოების დეტალური კვლევა.
რაც შეეხება საკითხს, რატომ არ არის აღმოჩენილი იარაღზე იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალი, აღნიშნული განპირობებულია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღის კონსტრუქციით. კერძოდ, ჩზ-75 -ის ზედაპირის უმთავრესი ნაწილი რელიეფურია (ე.წ. „ხორკლიანი“). მას აქვს როგორც ბორცვები, ასევე გარკვეული ჩაღრმავებები. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის ანაბეჭდი კი, როგორც წესი, რჩება გლუვი ზედაპირის მქონე საგანზე. იარაღი დათვალიერდა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მის მიერ წარმოდგენილი ექპერტების მონაწილეობით, რა დროსაც ნათლად წარმოჩინდა ზემოთ აღწერილი გარემოებები,”- აცხადებს პროკურატურა.

ეროსი კიწმარიშვილის მაისურის ფერი
“ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ მას სახლიდან გამოსვლის დროს ეცვა ღია ფერის მაისური, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამის მაისური იყო მონაცრისფრო რუხი ფერის. ამასთან, გვამს ემოსა არა მხოლოდ მაისური, არამედ პიჯაკიც. პირველ რიგში, მაისურის ფერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარდა სადარბაზოში დამონტაჟებულ ვიდეოკამერას და აღმოჩნდა, რომ კამერა რეალურისგან განსხვავებულად აფიქსირებს ფერებს (დანართი N29). რაც შეეხება პიჯაკს, გამოძიებით მოპოვებულია ვიდო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის იარაღის მაღაზია ,,დიანადან“ გამოსვლის ფაქტი. კერძოდ, კადრში ჩანს, მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ როგორ დებს ის პიჯაკს ავტომანქანის უკანა სავარძელზე. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებულია ასევე ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის პიჯაკის გარეშე შევიდა სახლში. შესაბამისად, ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა პიჯაკი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მანქანასთან მისვლის დროს ჩაიცვა,”- აცხადებს პროკურატურა.

რატომ არ იღებდა ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს ვიდეოკამერა

“გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ავტოფარეხში დამონტაჟებული კამერა სპეციალურად იყო შეტრიალებული ისე, რომ გადაღება არ ეწარმოებინა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და დადგენილია, რომ ავტოფარეხში ვიდეოკამერის დამონტაჟება ეროსი კიწმარიშვილმა და მის მიერ დაქირავებულმა მძღოლმა რამდენიმე წლის წინ დაუკვეთეს ერთ-ერთ ორგანიზაციას. სისტემა განკუთვნილი იყო პირდაპირ რეჟიმში თვალთვალისთვის და არა ჩაწერისთვის. ამასთანავე, კამერის ობიექტივი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს სწორედ იმ მხარეს იყო მიმართული, საითაც თავდაპირველი დამონტაჟების დროს. საქმე იმაშია, რომ კამერის დამონტაჟების დროს ეროსი კიწმარიშვილი ავტომანქანას აჩერებდა ადგილზე, რომლისკენაც დღემდე მიმართულია ვიდეოკამერა, გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ კი, მან შეიცვალა ავტოსადგომი, ხოლო კამერის ობიექტივის მიმართულება არავის აღარ შეუცვლია და დარჩა თავდაპირველი სახით (დანართი N30, დანართი N31). აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეოკამერა შემოწმების დროს იყო ძლიერად დამტვერილი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი ზედაპირიდან იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის კვალის ამოღება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ გამოძიება საბოლოო დასკვნამდე მივიდა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების სათანადო შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, რითაც გამოირიცხა სხვა ალტერნატიული ვერსიის ნამდვილობა,”- განმარტავს პროკურატურას.

მასალების გადაბეჭდვის წესი