ახალი ამბები

არჩევნების პერიოდში ძალადობის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

22 ივნისი, 2016 • 1052
არჩევნების პერიოდში ძალადობის შესახებ  კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

დღეს, 22 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით , 76 ხმით 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრეცვენციაა.

 

კანონპროექტის მიხედვით, “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად,  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე ან საერთო  შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ექვს თვემდე ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით,  ნაცვლად დღეს მოქმედი ერთწლიანი პატიმრობისა.

ინიციატივის მიხედვით, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დღეს მოქმედი ნორმა ცემისთვის პატიმრობას არ ითვალისწინებს.

ამასთან, კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვით საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს, ძალადობა ან ძალადობის მუქარა ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.  ხოლო ძალადობა, რომელმაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან/და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, ან ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას, ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი