ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი

21 ივნისი, 2016 • 1347
საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი

“თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტი მოამზადა, რომელიც დეპუტატის საქმიანობის პრინციპებსა და წესებს განსაზღვრავს, თუმცა პროექტი წესების დარღვევისთვის სანქციებს არ ითვალისწინებს.

ეთიკის კოდექსის პროექტის მიზანია დაადგინოს ეთიკის პრინციპები და წესები, რომლებიც პარლამენტის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ თავიანთ საქმიანობაში, ასევე, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, სხვა ინსტიტუტებთან, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

კოიდექსი მოიცავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას; საჯარო ინტერესის დაცვას; კეთილსინდისიერებას საჯარო სამსახურში და პარლამენტის წევრის ქცევის სტანდარტს.

კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრმა უნდა დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და რეგულაციები; პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; პარლამენტის წევრი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის წევრი წარმოადგენს საქართველოს ყველა მოქალაქეს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. ამასთან პარლამენტის წევრი ვალდებულია, ხელმისაწვდომი გახადოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მედიისთვის.

კოდექსით, პარლამენტის წევრს თავაზიანი და ზრდილობიანი ქცევა მოეთხოვება. კერძოდ, პარლამენტის წევრი პატივისცემით უნდა მოექცეს პარლამენტარებსა და მოქალაქეებს; უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა პოლიტიკური საუბრის და საპარლამენტო დებატების დროს; პარლამენტში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოქმედებები და უხამსი გამოსვლები; პარლამენტის წევრმა საჯაროდ დისკრიმინაციული გამონათქვამები არ უნდა გამოიყენოს; მისი გამოსვლა არ უნდა შეიცავდეს ძალადობისკენ ან შევიწროებისკენ მოწოდებას.

დასკვნითი დებულების თანახმად, თანამდებობის დაკავებისას პარლამენტის ყველა წევრმა პლენარული სხდომის დარბაზში საჯაროდ უნდა დადოს ფიცი და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ დაიცავს ეთიკის კოდექსს. ხოლო ფიცის ტექსტი პარლამენტმა უნდა მიიღოს და გამოაქვეყნოს.

შემოთავაზებული პროქტის სამუშაო ვერსია კოდექსის დარღვევისთვის სანქციებს არ ითვალისწინებს. კოდექსის გარდამავალი დებულების თანახმად, 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტს ევალება 2017 წლის 1 მარტამდე ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ჩართულობით, შეიმუშაოს ეთიკის კოდექსის ნორმების მონიტორინგისა და აღსრულების ორგანოს სტრუქტურა, დებულება და აღსრულების მექანიზმები.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ანალოგიური დოკუმენტი წინა მოწვევის პარლამენტშიც შეიქმნა, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით მან ვერ იმუშავა. უსუფაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი  შენიშვნები და წინადადებები მომავალი ერთი კვირის განმავლობაში გიორგი კახიანს მიაწოდონ :

“ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, შესაძლებელი გახდა პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავება, რომელიც საინტერესო და კომპლექსური დოკუმენტია და ვინაიდან პარლამენტის წევრებს ეხება ეს დოკუმენტი, და ვინაიდან ეთიკის ნორმებს ეხება, მის ოფიციალურ ინიცირებამდე პარლამენტში, მსურს, რომ პარლამენტის ყველა წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს და თავიანთი მოსაზრებები ამცნოს სამუშაო ჯგუფს, რადგანაც ეთიკის ნორმებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის მაქსიმალურად ემყარება კონსესუსს,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები სიტყვიერად და ფიზიკურად ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან. ბოლო ასეთი შემთხვევა ერთი თვის წინ, 25 მაისს მოხდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი