ახალი ამბები

ომბუდსმენის რეკომენდაცია პრემიერ –მინისტრს

25 იანვარი, 2012 • 1039
ომბუდსმენის რეკომენდაცია პრემიერ –მინისტრს
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელდეს იმ ტიპის ცვლილებები,  რომლებიც შესაძლებელს გახდის, ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებმა ბინაზე მიაწოდონ ამბულატორიული მომსახურება გადაადგილების უნარის არმქონე  პირებს. 

“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის  #218 დადგენილების მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის, უბნის ექიმის და ექთნის მომსახურებას ბინაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. 

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ აღნიშნული დებულება ვერ უზრუნველყოფს გადაადგილების უნარმოკლებულ იმ პაციენტთა ჯანმრთელობის უფლების სრულ რეალიზაციას, რომელთაც არა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი, მაგრამ ვერ გადაადგილდებიან და საჭიროებენ როგორც ოჯახის ექიმის, ასევე, ცალკეული სპეციალისტების ბინაზე კონსულტაციას. სპეციალისტის ვიზიტი, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და ზუსტი დიაგნოზის დასმისათვის. 

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტის ვიზიტი ბინაზე ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია, თუმცა პრობლემურია სადაზღვევო კომპანიების მიერ ამ ტიპის მომსახურების ანაზღაურების საკითხი, ვიანიდან მსგავს რეგულაციას არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება. 

დღეს არსებული რეგულაციის თანახმად, თუ პაციენტი გადაადგილების უნარს მოკლებულია და თავად არ შეუძლია მისვლა კლინიკაში, შესაძლებელია, იგი აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩეს. კერძოდ,  როდესაც ოჯახის ექიმი მოკლებულია შესაძლებლობას, დასვას კონკრეტული და ზუსტი დიაგნოზი სპეციალისტის ჩარევის გარეშე. მსგავს შემთხვევებში პაციენტის  მკურნალობის შედეგი არ არის პოზიტიური. თუ ღარიბ, ხანდაზმულ ადამიანს არ შეუძლია გადაადგილება და მას არა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ჯანდაცვის დაწესებულება მისთვის  ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია, რაც არღვევს მის ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, მისი ერთ–ერთი ელემენტის ფიზიკური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.”–ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი