ახალი ამბები

რეესტრმა “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” საჩივარი არ დააკმაყოფილა

17 ივნისი, 2016 • 2322
რეესტრმა “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა პასტაფარიანელების საჩივარი “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირებაზე.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მიხედვით, პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის  გადაწყვეტილების თანახმად, განცხადებაზე თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დგინდება „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის“, როგორც რელიგიის არსებობა:

“სააგენტო იზიარებს პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის აღნიშნულ განმარტებას და მიაჩნია, რომ არ დგინდება „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის“, როგორც რელიგიის არსებობა და ასევე არ დგინდება მისი, როგორც საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობის არსებობა, ან მისი არსებობა, როგორც ისეთი რელიგიური მიმდინარეობისა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

დადგენილია, რომ „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის“ სახელწოდებაში გამოყენებული ტერმინი „ავტოკეფალური“ წარმოადგენს ეკლესიის ოფიციალურ ტერმინოლოგიას, რომლის გამოყენების უფლებაც შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიასთან შეთანხმებით, რასაც ასევე იზიარებს სააგენტო: ტერმინი  „ავტოკეფალური“ წარმოადგენს იმ ტერმინებიდან ერთ-ერთს, რომლის იურიდიული პირის სახელწოდებაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმებით,”- აღნიშნულია დასკვნაში.

21 აპრილს საქართველოს საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირებაზე.

19 აპრილს ლექსო მაჭავარიანმა მიმართა საჯარო რეესტრს დარეგისტრირების მოთხოვნით, თუმცა საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე ორი მიზეზით:

– განმცხადებელს წარმოდგენილი არ ჰქონდა დოკუმენტაცია, რომ რელიგიური გაერთიანება რეგისტრირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში;

– მეორე მიზეზად რეესტრმა განმარტა, რომ ტერმინი “ავტოკეფალური” მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაა მინიჭებული და მისი გამოყენება მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია, იგივე პასტაფარიანიზმი, არის მიმდინარეობა, რომელიც არ იზიარებს სამყაროს შექმნის იმ მოდელს, რომლის მიხედვითაც სამყარო შექმნა ღმერთმა. ეს ხედვა გაზიარებულია რელიგიების დიდი ნაწილის მიერ. პასტაფარიანიზმი რეგისტრირებულია პოლონეთში, ნიდერლანდებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი