ახალი ამბები

რა ბედი ეწევა სურბ ნშანის ეკლესიას

23 იანვარი, 2012 • 1885
რა ბედი ეწევა სურბ ნშანის ეკლესიას

სულ მალე ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სურბ ნშანის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ამჟამად მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებითი სამუშაო მიმდინარეობს, ამის შემდეგ კი ძეგლის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. აღდგება სვეტიც, რომელიც ახალი წლის დღეებში ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას ჩამოიშალა.

სურბ ნიშანის ეკლესია, რომელსაც წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიადაც მოიხსენიებენ, მოქმედი მრავალი წელია არ ყოფილა და იმ ტაძრების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სადავოა ქართული და სომხური ეკლესიებისთვის.

ტაძარი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, არსებული მდგომარეობის გართულება კი ახალი წლის დღეებში აქ გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ 22 იანვარს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პირველ რიგში, ტაძრის აღდგენითი სამუშაოები უნდა დაიწყოს, ხოლო შემდეგ უნდა დადგინდეს ის, თუ ვის ეკუთვნის ეკლესია:

“ამ საქმეში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი – მისი კუთვნილების საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებას დღეს ქრისტიან–დემოკრატიული პარტია გამოეხმაურა. პარტიის ერთ–ერთმა წევრმა, ზაზა გაბუნიამ საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი გამართა:

“ჩვენ მივმართავთ ქ. თბილისის მერიას, რომ უზრუნველყოს ამ ტაძრის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება. ძეგლი სადავოა, მაგრამ მანამდე, სანამ დავა დასრულდება, ეკლესიას დანგრევის საფრთხე ემუქრება”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ეკლესიაში  გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, ბოლო დროს ტაძარში ცეცხლი რამდენჯერმე გაჩნდა.

ბატონი თენგიზი ოქრომჭედელია და მისი სახელოსნო ვერცხლის ქუჩაზე მდებარეობს. ის ერთ–ერთი იყო, ვინც სახანძრო გამოიძახა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ეკლესიიდან ბოლი გამოდიოდა:

“ეს პირველი შემთხვევა არაა, მე წლებია ამ ქუჩაზე ვმუშაობ და მახსოვს, რომ ეკლესიას ცეცხლი რამდენჯერმე გაუჩნდა. აქ ხანძარი იყო 2002 წელსაც რის შემდეგაც ეკლესია ჩაკეტეს, თუმცა ბოქლომი არ დაუდიათ, უბრალოდ ფიცრები ჰქონდა მიფარებული და ბავშვები მაინც ახერხებდნენ შიგნით შესვლას”

როგორც ბატონი თენგიზი ყვება, ეკლესია მოქმედი 1936 წლამდე იყო. მისი თქმით, ეკლესიას დიდი ისტორია აქვს. მას შემდეგ, რაც ღვთისმსახურება შეწყდა, აქ ჯერ მაკარონის ფაბრიკა გახსნეს, შემდეგ კი საჯარო ბიბლიოთეკის საცავადაც გამოიყენებოდა:

“იმ პერიოდში, როცა ბობლიოთეკას აქ საცავი ჰქონდა, უამრავი ჟურნალ–გაზეთი მოიტანეს, რომლებიც დღესაც ეკლესიაში აწყვია. ბავშვები ხშირად შედიან აქ სიგარეტის მოსაწევად, ამიტომ ვფიქრობ, რომ ცეცხლი ამ მიზეზით ჩნდება. თუმცა ამჯერად ცეცხლის გაჩენა ახალ წლებს დაემთხვა და არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ასაფეთქებელი შაშხანა შეეგდო შიგნით, ძველ გაზეთებს ცეცხლი ძალიან მალე ეკიდება”

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ზაზა გაბუნიამ განაცხადა, არსებობს ეჭვი იმისა, რომ ცეცხლს ეკლესიაში არა შემთხვევით, არამედ განზრახ აჩენენ ქართული კვალის წასაშლელად. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ბატონი თენგიზი, ის ფაქტი კი, რომ ეკლესია სადავოა, სასაცილოდაც არ ყოფნის:

“მე მთელი დღე აქ ვარ და ჩემზე უკეთ ვერავინ ხედავს, ვინ შედის და გადის ტაძარში, ტაძრის გარშემო არავინ ცხოვრობს, ერთი მოხუცი კაცის გარდა. განზრახ ცეცხლის გაჩენა აზრადაც არავის მოუვიდოდა, იმაზე ლაპარაკი, ქართულია ეკლესია თუ არა, უბრალოდ, სასაცილოა, ბავშვები ხომ არ ვართ. ყველამ კარგად იცის, რომ ეკლესია სომხურია. ის, რომ ეკლესია სომხურია, შარშან სომხეთის პატრიარქმაც დაგვიდასტურა როდესაც ტაძარს სტუმრობდა”.

ბატონ თენგიზს სხვა მეზობლებიც ეთანხმებიან. მათი თქმით, მათ იმის შესახებაც კი არ ჰქონიათ ინფორმაცია, რომ ეს საკითხი კიდევ განიხილება.

“ქართველები ამ ეკლესიის მოსაკითხად რამდენი ხანია არ მოსულან. მარტო ახლა გამოჩნდნენ, ხანძარი რომ გაჩნდა, ისიც ალბათ სადმე მეზობლად იყვნენ, თორემ თავს არ შეიწუხებდნენ”, – აცხადებს ერთ–ერთი ქალბატონი, რომელიც მრავალი წელია ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობს.

მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცეცხლი ქართული კვალის წასაშლელად გაჩნდა, აბსურდულს უწოდებს საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძეც. მისი თქმით, შენობას არ აქვს არანაირი ნიშან–წყალი ქართული წარმომავლობისა:

“ტაძარს არაფერზე არ ეტყობა იმისა, რომ იქ რაიმე ქართული კვალი არსებობდა. 2002 წლის შემდეგ ეკლესია ნორმალურად არ გაუწმენდიათ, ამიტომ აქ იყო დიდი ფენა ქაღალდის ნამწვებისა, რის გამოც ძალიან ადვილია ცეცხლის გაჩენა. კარგია, რომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. ფაქტია, რომ შენობა არის ძეგლი და ძეგლს ჭირდება დაცვა, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის. სამწუხარო ფაქტი კი ისაა, რომ ძეგლის გამაგრების სამუშაოები სწორედ იმიტომ დაგვიანდა, რომ ორ ინსტიტუციას შორის ეკლესიასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ეკლესიის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, სპეციალური კომისიის შექმნა იგეგმება. კომისიის შემადგენლობაში როგორც ქართვული, ასევე სომხური მხარის წარმომადგენლები შევლენ. ამის შემდეგ ტაძრის მეცნიერული შესწავლა დაიწყება და გადაწყდება, გადაეცემა თუ არა ეკლესია სომხურ მხარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი