ახალი ამბები

ბესელია კორცხელის ინციდენტზე ნადირაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა

17 ივნისი, 2016 • 1358
ბესელია კორცხელის ინციდენტზე ნადირაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ კორცხელის ინციდენტზე ნაციონალური მოძრაობის წევრ ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მაისს,  რუსეთის ალფა-ბანკის მეშვეობით კალა კაპიტალ ლიმიტედმა (რეგისტრირებულია კვიპროსში, პარტნიორი კახა კალაძე) და ფიზიკურმა პირმა დავით ქარსელაძემ გიორგი გიგაურსა და ვლადიმერ გეგეშიძეს, ჯამში, 35 ათასი ამერიკული დოლარი ჩაურიცხეს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს:

“გულწრფელად გეტყვით,  არავითარი სანდოობა არ მაქვს ნადირაშვილის განცხადებების და მისი დოკუმენტების ფრიალის დროს ნაჩვენები ფაქტებისა და ციფრების მიმართ. სანდოობა არ მაქვს, ამიტომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ამაზე [ნადირაშვილის ბრალდებაზე] სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებდი. ვიდრე ის თავს უფლებას მისცემდა და ისაუბრებდა, ვის რა ჩაერიცხა და ვინ, სად, რაში მონაწილეობდა, უმჯობესია იმ კითხვებს უპასუხოს, რომელიც არსებობს ასეთი ფაქტებთან დაკავშირებით მისი და მისი თანაგუნდელების მიმართ,”- აღნიშნავს დეპუტატი.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთო კახიძემ დღეს, 17 ივნისს პრესკონფერენციაც გამართეს და ზემოხსენებული ფინანსური ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტები [რომელთა ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის] წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, ენმ-ს მიაწოდეს. ნადირაშვილი და კახიძე არ აკონკრეტებნ, ვინ მიაწოდა დოკუმენტები მათ.

25 ათასი დოლარი კალა კაპიტალ ლიმიტედმა, ხოლო 10 ათასი დავით ქარსელაძემ ჩარიცხა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, იგივე “კალატოზაა”.

გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე კორცხელის ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ხულიგნობის მუხლით არიან ბრალდებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი