ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდს აჯამებს

15 ივნისი, 2016 • 1608
აფხაზური მხარე ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდს აჯამებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო 14-15 ივნისს გამართულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 36-ე რაუნდს აჯამებს.

“აფხაზურმა მხარემ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა 2016 წლის 7 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეაზე დევნილთა საკითხებზე მიღებული რეზოლუციის გამო.

აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციამ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ და რუსეთის ფედერაციამ გამოხატეს კონსოლიდირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ცალმხრივი და არაობიექტური რეზოლუციის მიღების პრაქტიკა, რომელიც საქართველოს ინიციატივით იყო მიწოდებული, არსებითად ართულებს ჟენევის დისკუსიების მუშაობას, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მოედანია, რომელიც მიმართულია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების შედეგების დაძლევაზე.

ამასთან, აფხაზეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამერიკის მხარე, რომელიც სარგებლობს იმ სახელმწიფოს სტატუსით, რომლის ტერიტორიაზე გაეროს შტაბ-ბინაა განთავსებული, საერთაშორისო ნორმების დარღვევით აგრძელებს უარის თქმას ვიზებზე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის და ამით ბლოკავს შესაძლებლობას, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს გაეროს გენერალური ასამბლეის დელეგაციას.

აღნიშნული რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით მეორე სამუშაო ჯგუფი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრაგიკულ ფაქტს, რომელიც 2016 წლის მაისში ქართულ-აფხაზურ საზღვარზე მოხდა.

“აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ აფხაზეთის სამხედრო პროკურატურა იძიებს ამ საკითხს და მოუწოდეს ქართულ მხარეს, ინციდენტის პოლიტიზება შეწყვიტონ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსების მორიგი რაუნდი 2016 წლის 4-5 ოქტომბერს დაინიშნა.

ფოტო: აფხაზეთის საგარეო უწყება

ფოტო: აფხაზეთის საგარეო უწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი