ახალი ამბები

კვირიკაშვილი: გვინდა, მეტმა ქართველმა ტურისტმა მოინახულოს გერმანია

15 ივნისი, 2016 • 1465
კვირიკაშვილი: გვინდა, მეტმა ქართველმა ტურისტმა მოინახულოს გერმანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. გაფართოებულ ფორმატში ჩატარებული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“ჩვენ გვინდა, მეტმა ქართველმა ტურისტმა მოინახულოს გერმანია და მეტი ქართველი ბიზნესმენი ეწვიოს გერმანიას. ამისთვის ქალბატონ კანცლერთან განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლის მომცველი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ჩვენი ევროპული დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამისთვის ჩვენ 2013 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ. გავაძლიერეთ ჩვენი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავი იგრძნოს დაცულად მაშინ, როდესაც საუბარია უვიზო მიმოსვლაზე საქართველოდან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ.

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები სულ სხვა მასშტაბს ღებულობს და ის ბიზნესფორუმი, რომელიც დღეს დილით ჩატარდა, რასაც 150-ზე მეტი გერმანული კომპანია დაესწრო, არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ჩვენ შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება”, – თქვა კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

“დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც. ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია გერმანიის, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის, გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად, დღეს განათლების სამინისტროებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რაც ძალიან დაგვეხმარება ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში”, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, სექტემბრიდან საქართველოს ავიარეისებს დაემატება პირდაპირი რეისი ბერლინში.

გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

“ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობები. ჩემთან ერთან ბერლინში ვიზიტით იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს მისთვის წელს მეორე ვიზიტია. ასევე, მარტში საქართველოში იმყოფებოდა ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი