ახალი ამბები

ტალიაშვილი ბაღების დირექტორების დათხოვნის შემსწავლელი კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს

15 ივნისი, 2016 • 2442
ტალიაშვილი ბაღების დირექტორების დათხოვნის შემსწავლელი კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი უკანასკნელ პერიოდში ბაგა-ბაღების დირექტორების დათხოვნის საკითხს შემსწავლელი კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ეს განცხადება ტალიაშვილმა თბილისის საკრებულოში გააკეთა მაშინ, როდესაც საკრებულოსთან დათხოვნილი დირექტორებისა და მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ყოფილი დირექტორები ამბობენ, რომ ბაგა-ბაღების სააგენტომ ისინი უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა. აქცის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საკრებულოში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს საქმიანობას შეისწავლის და გამოიკვლევს, რა პრინციპით ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტო დირექტორებს.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, უმჯობსია, რომ ახალი კომისის შექმნის ნაცვლად არსებული ფორმატები იყოს სრულად გამოყენებული.

“უკანასკნელი ორი თვის განმავლობას განათლებისა და კულტურის კომისია ორჯერ შეიკრიბა და იმსჯელა სკოლამდელი აღზრდის თემასთან დაკავშორებით. მათ შორის, ერთ-ერთი შეხვედრა გავმართეთ სამგორის ბაგა- ბაღში, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ბავშვები არიან. საშაუალება ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მოსულიყო და ადგილზე ენახა, თუ რა პირობები არის შექმნილი ბავშვებისთვის. ამ შეხვედრაზე, ამ კომისიის სხდომაზე, ამ სამუშაო ფორმატში არ მიიღო მონაწილეობა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ დააყენა საკითხი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. გასულ კვირას განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე იყო ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენელი. აქაც იყო მსჯელობა სასკოლო მზაობის და სკოლამდელი აღზრდის თაობაზე, აქაც არ დაყენებულა მსგავსი საკითხები. ამიტომ მიმაჩნია, რომ როდესაც მსგავსი ტიპის კომისიის სხდომები იმართება, კარგი იქნება, რომ ამ კომისიის სხდომებზე დადგეს საკითხები და განვიხილოთ,”- ამბობს თამარ ტალიაშვილი.

საკრებულოში გამართული ბრიფინგის დაწყებისას თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ადრესატები არ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 3 საათზე მეტი დროის განმავლობაში საკრებულოს წინ იდგნენ და მათი დათხოვნის საკითხის გადახედვას ითხოვდნენ:

“ამ ბრიფინგის ადრესატი არის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც, უკვე გარკვეული პერიოდია, თანამიმდევრულად, მიზანმიმართულად ცდილობს ჩრდილი მიაყენოს იმ რეფირმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 2 წლის განმავლობაში ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ამგვარი ტიპის კამპანიური ხასიათის დესტრუქციული ქმედებები ვერ შეაჩერებს იმ რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თბილისის ბაგა-ბაღებში. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ სამუშაო რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი პატარა თანამოქალაქეების ბაგა-ბაღებში ყოფნა იყოს უკეთესი,”- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ტალიაშვილის თქმით, როდესაც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ანგარიში მოისმინეს, ისაუბრეს საკადრო პოლიტიკაზეც.

თამარ ტალიაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

თამარ ტალიაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ტალიაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა ფოტოებო, რომლებიც, მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში განახლებულ და აშენებულ ბაღებს ასახავს. მისივე თქმით, მომავალში იგეგმება კიდევ 7 ახალი ბაგა-ბაღის აშენება.

“ამ მშენებლობის, განახლების, რეფორმების სრულ კომპლექსს უპირისპირდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი თავისი პოლიტიკური წინასაარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე. მოვუწოდებ მათ, რომ საქმიან რეჟიმში ბავშვების სასიკეთოდ გადადგან ნაბიჯები და არა თავიანთი ვიწრო პარტიკულარული ინტერესებიდან გამომდინარე,”- აცხადებს ტალიაშვილი.

თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილმა დირექტორებმა, რომელებიც ტალიაშვილის ბრიფინგის შემდეგაც კვლავ საკრებულოსთან იყვნენ შეკრებილი, განაცხადეს, რომ არც ძველი და არც ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ისინი არ იყვნენ მართულები და პოლიტიკურ დაკვეთას არ ასრულებდნენ.

ნეტგაზეთთან 85-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ინგა გუგავა ამბობს, რომ ისინი თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ. როგორც ინგა გუგავამ განმარტა, მათი მოთხოვნა ბაგა-ბაღების სააგენტოს საქმიანობის შესასწავლად კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება.

აქციის მონაწილე ყოფილმა დირექტორებმა ტალიაშვილს უნდობლობა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ არ სურთ, თამარ ტალიაშვილი  იყოს ამ კომისიაში, ვინაიდან მათთვის საკრებულოს დეპუტატის შეხედულებები უკვე ცნობილია.

თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების საპოტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.06.2016

თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების საპოტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.06.2016

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდნენ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მათ განაცხადეს, რომ კომისიის შექმნის საკითხს დააყენებდნენ.

საკრებულოს დეპუტატი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სევდია უგრეხელიძე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ეცნობა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.06.2016

საკრებულოს დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სევდია უგრეხელიძე აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ეცნობა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.06.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი