ახალი ამბები

“ურანტი” 15 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს

14 ივნისი, 2016 • 1878
“ურანტი” 15 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს

სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელი, ზურა სიხარულიძე აცხადებს, რომ ოთხშაბათს, 15 ივნისს, 16:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს და გააპროტესტებს “ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, “ურანტს” ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გეგმავს, რომ მეტადონჩანაცვლებითი სახელმწიფო პროგრამა საკუთარი რესურსებით, ქვეკონტრაქტორი “ურანტის” გარეშე გააგრძელოს. ცენტრში ვარაუდობენ, რომ ამ სტრატეგიით დაიზოგება თანხები და შესაძლებელი გახდება, მეტადონჩანაცვლებითი პროგრამა უფრო მეტი ბენეფიციარისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ზურა სიხარულიძე კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება “ურანტს” დახურვით ემუქრება. მისივე თქმით, ცენტრის ეს გადაწყვეტილება  მიმართულია კერძო კლინიკის საქმიანობის წინააღმდეგ და ემსახურება სერვისის მონოპოლიზაციას.

“ჩვენი ორგანიზაცია წლების მანძილზე ახორციელებდა მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის როგორც სახელმწიფო, ასევე გლობალური ფონდის პროგრამას. უკანასკნელ წლებში განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად, ჩვენი ორგანიზაცია დამოუკიდებელი მიმწოდებლიდან გადააქციეს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქვეკონტრაქტორად, რომლის გამოცხადებული ტენდერების შემდეგაც გვეძლეოდა საშუალება გვეკეთებინა ჩვენი საქმე და დახმარების ხელი გაგვეწოდებინა ჩვენი პაციენტებისათვის.

პაციენტებისადმი ჩვენი კეთილგანწყობა, მომსახურების სერვისების გაუმჯობესება, მოქნილი მენეჯმენტი, პროგრამაში ახალი ნოვაციების დანერგვა და ჩვენი ორგანიზაციის მზარდი ავტორიტეტი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც მორალურად, ისე ფინანსურად გაკოტრების წინ მდგომი „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელობისათვის, რომელმაც გადაწყვიტა „ხელების გადაგრეხვის მეთოდით“ საკუთარი პრობლემების გადაჭრა, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გააგრძელოს ჩვენთან თანამშრომლობა და ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ამ სერვისის მიმწოდებელი, გააქროს მომსახურების არეალიდან.

აღნიშნული გადაწყეტილების შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ მოწყობილი პრესკონფერეციის შედეგად ფეისბუქის საშუალებით, ისე, რომ მანამდე არც ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან, არც შტატთან და, რაც მთავარია, არც პაციენტებთან ამის შესახებ არანაირი სამუშაოები არ გატარებულა. არავინ დაინტერესებულა, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ და რას ფიქრობენ პაციენტები,”- აცხადებს ზურა სიხრულიძე. 

“ურანტი” 30 მაისამდე იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ქვეკონტრაქტორი. ამის შემდეგ, ცენტრის განცხადებით, ბენეფიციარებს, რომლებიც “ურანტს” ჰყავს, საკუთარი რესურსებით მოემსახურებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი