ახალი ამბები

მეტადონის პროგრამას ბენეფიციარებს ცენტრი საკუთარი რესურსებით, “ურანტის” გარეშე მიაწოდებს

14 ივნისი, 2016 • 2385
მეტადონის პროგრამას ბენეფიციარებს ცენტრი საკუთარი რესურსებით, “ურანტის” გარეშე მიაწოდებს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი გეგმავს, რომ მეტადონჩანაცვლებითი სახელმწიფო პროგრამა საკუთარი რესურსებით, ქვეკონტრაქტორი “ურანტის” გარეშე გააგრძელოს. ცენტრში ვარაუდობენ, რომ ამ სტრატეგიით დაიზოგება თანხები და შესაძლებელი გახდება, მეტადონჩანაცვლებითი პროგრამა უფრო მეტი ბენეფიციარისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ დღეს ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ და ამავე ცენტრის ნარკოლოგიის მიმართულების კურატორმა ხათუნა თოდაძემ ისაუბრეს.

ლაშა კილაძის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ, რაც მეტადონჩანაცვლებითი სახელმწიფო პროგრამა ვაუჩერული დაფინანსებიდან გლობალურ დაფინანსებაზე გადავიდა, გაჩნდა საჭიროება, რომ სერვისები ბენეფიციარებისთვის მიეწოდებინა ერთ ორგანიზაციას, რომელიც  თავის თავზე აიღებდა ქვეკონტრაქტორების დახმარებით პროგრამის მართვას. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა გაიმარჯვა, ხოლო იმისთვის, რომ სრულად განეხორციელებინა მას თავისი საქმიანობა და უფრო დიდი დაფარვის ზონა ჰქონოდა, მას ჰყავდა ქვეკონტრაქტორი “ურანტი”.

ლაშა კილაძის თქმით, ცენტრის რეფორმირებისა და რეორგანიზაციის შემდეგ გაჩნდა რეალობა, რომ ცენტრი საკუთარი მატერიალური და ადამიანური რესურსებით ქვეკონტრაქტორის გარეშე შეძლებდა  ბენეფიციარებისთვოს სერვისების მიწოდებას.

“თავისი შინაარსის მიხედვით, ეს პროგრამა ორიენტირებულია ბენეფიციარზე, ანუ ის თანხა, რასაც სახელმწიფო ამ პროგრამის მიმართულებით გამოყოფს, ჩვენი ცენტრის პოზიციაა, რომ სრულად მივიდეს პაციენტამდე. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზრაურება უნდა იყოს ადეკვატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხი ვერ იქნნება ნორმალური და ჩამოყაიბებული. და ამ ორი საკითხის შემდეგ მოდის დანარჩენი საკითხები, და არა ისე, რომ სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარების მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხები არა ერთი და ორი ათასის, არამედ ბევრად მეტი რაოდენობით, სხვადასხვა ორგანიზაციების მოგებებსა და ხელფასებში განაწილდეს,”- განმარტავს ლაშა კილაძე.

შესაბამისად, ცენტრი აღარ გეგმავს, რომ “ურანტთან” ხელშეკრულება გააგრძელოს. ამას აპროტესტებს “ურანტის” ხელმძღვანელი, ზურაბ სუხარულიძე. სიხარულიძის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრს “ურანტის” დახურვა სურს. მისივე განცხადებით,  ეს ნიშნავს, რომ 30 ივნისიდან სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 950 ბენეციფიარი, რომელიც “ურანტში” იღებდა მომსახურებას, ვეღარ მიიღებს.

ლაშა კილაძე კი ამბობს, რომ ამით ბენეფიციარები არ დაზარალდებიან და მომსახურებას ცენტრი გაუწევს. როგორც კილაძემ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ცენტრი გახსნის სამ დამატებით ოფისს თბილისში, ასევე იგეგმება ცენტრის გახსნა რუსთავშიც. რაც შეეხება “ურანტში” დასაქმებულ ექიმებს, ლაშა კილაძე ამბობს, რომ ისინი კვალიფიციური კადრები არიან და აპირებს, რომ ცენტრში მუშაობა შესთავაზოს.

“ეს არ იყო თვითმიზანი, რომ კონკრეტულად ვინმე ჩამოგვეშორებინა პროგრამისგან. ამას გააჩნია კონკრეტული რაციონალური მდგენელები: კერძოდ ის, რომ ერთპიროვნული მმართველობის შემთხვევაში, როდესაც ამას განახორციელებს კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულება, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მოლოდინი იმისა, რომ მეტადონჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო ხარჯეფექტური გახდება. პირველ რიგში, იმ კუთხით, რომ შესაძლებლობა გვექნება უკვე არსებული დაფინანსების პირობებში, დამატებითი დაფინანასების მოთხოვნის გარეშე, დამატებითი სერვისები შევთავაზოთ. ეს უკავშირდება ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის ზდას. დღეს ჩარულობის მხრივ გვაქვს საშუალო შედეგი. ამ დიზაინით, როგორც მოქმედებს დღეს, არ არის მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ არც ყველაზე უარესია. ნორმალური, დამაკმაყოფილიებელი ინდიკატორია. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ინდიკატორი გავზარდოთ. ანუ ჩართული პაციენტების რაოდენობა იყოს გაზრდილი უკვე არსებული დაფინანსების პირობებში,”- განაცხადა მან.

ლაშა კილაძის განმარტებების შემდეგ “ურანტის” ხელმძღვანელმა, ზურაბ სიხარულიძემ განაცხადა, რომ 15 ივნისს, 16:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს და უვადო შიმშილობას დაიწყებს.

სამედიცინო ცენტრი “ურანტი” 2003 წელს დაარსდა. ცენტრის საქმიანობა მიმართულია ალკოჰოლსა და წამალდამოკიდებული პირების მკურნალობისა და რეაბილიტაციისკენ. “ურანტი” არის საქართველოს “ზიანის შემცირების ქსელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი არის შპს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. ის 2012 წელს შეიქმნა ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს\კ ინსტიტუტის გაერთანების შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი