ახალი ამბები

ივანიშვილი: პანამის ქაღალდები არ არის ჩემთვის ბოლო ჭეშმარიტება

14 ივნისი, 2016 • 2500
ივანიშვილი: პანამის ქაღალდები არ არის ჩემთვის ბოლო ჭეშმარიტება

ქართველი მილიარდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პირვლად ესმის, რომ არ აწვდიდა საკუთარი პასპორტის ასლს ოფშორულ კომპანიას.

პანამის დოკუმენტებზე ივანიშვილს 14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე “ნეტგაზეთმა” დაუსვა კითხვები.

საუბარია 2016 წლის აპრილში გაჟონილ პანამის დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი  “მოსაქ ფონსეკას”, პანამაში მოქმედ კომპანიას, არაერთი მიმართვის მიუხედავად, არ აწვდიდა პირადობის მოწმობის ასლს. თუმცა მიზეზი აქამდე უცნობი იყო და ასევე უცნობად დარჩა, რადგანაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ამის შესახებ პირველად ესმის”:

“პანამა ფეიფერიც არაა ბოლო ჭეშმარიტება. თუ მე რამე დავარღვიე, ამისთვის არსებობს კანონმდებლობა და მომთხოვონ პასუხი”.

პანამის დოკუმენტებიდან ასევე ცნობილი გახდა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის  შპს “ლინდენ მენეჯმენტის”  შესახებ, რომლის ბენეფიციარიც ბიძინა ივანიშვილია.

ივანიშვილმა ორჯერ შეავსო ქონებრივი დეკლარაცია მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, თუმცა არც ერთხელ არ მიუთითა “ლინდენ მენეჯმენტი”. “ნეტგაზეთის” კითხვას, თუ რატომ არ ასახა ეს კომპანია საკუთარ დეკლარაციაში, ივანიშვილმა ასე უპასუხა:

“ყველაფერია შეტანილი [დეკლარაციაში], რაც საჭიროებდა. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად შეავსეს [დეკლარაციაში] და თუ თქვენ გაქვთ კითხვა, დაწერეთ და მიმართეთ პროკურატურას და სასამართლოს და მე პასუხს მაგებინებენ.  იქედან პასუხს მოგცემენ”.

ივანიშვილმა ამ კითხვაზე საპასუხოდ ზოგადად ოფშორულ რეგისტრირებულ კომპანიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიები ჰქონდა ოფშორულ ზონებში და დღესაც აქვს.

“თქვერ ვერ ნახავთ ვერც ერთ სერიოზულ კომპანიას, ვერც ერთ სერიოზულ ბიზნესმენს, რომ არ სარგებლობდეს ოფშორული ზონით. ოფშორული ზონა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ გადასახადი დამალო. ოფშორული ზონა იძლევა ძალიან ბევრ პლუსს მობილურობაში. მოქნილობაში გეხმარება. გადასახადების მხრივ , თუ ჩემს გვარს ვინმე დაასახელებს და გაიხსენებს, უპრეცედენტო რამ მოხდა რუსეთში,  ერთი-ერთში ვიხდიდი. არავის კითხვა ჩემს მიმართ არ აღეძვრება”.

ივანიშვილის აზრით, ოფშორულ ზონებთან დაკავშირებით კითხვები არა მის მისამართით, არამედ იმ პოლიტიკოსების მისამართით დაისმის, “ვინც პოლიტიკაში ფული იშოვა, პოლიტიკაში მოსვლამდე რომ არაფერი არ გააჩნდათ”.

“ ჩემს შემთხვევაში არაფერი კითხვა არაა, არაფერ კამათს მე არ ვსაჭიროებ”, – აცხადებს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი