ახალი ამბები

”ვიკიპედიის” ინგლისურენოვანი ვერსია პროტესტის ნიშნად ხვალ გაითიშება

17 იანვარი, 2012 • 1230
”ვიკიპედიის” ინგლისურენოვანი ვერსია პროტესტის ნიშნად ხვალ გაითიშება

ხვალ, 18 იანვარს, ონლაინ ენციკლოპედია  ”ვიკიპედიის” ინგლისურენოვანი ვერსია პროტესტის ნიშნად 24 საათით გაითიშება.  ”ვიკიპედია” აპროტესტებს ”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტს(SOPA),”  და “IP დაცვის აქტს(PIPA),” რომელთა კენჭისყრასაც აშშ-ის კონგრესი უახლოეს მომავალში აპირებს.

”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტის” (SOPA)  აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენას მსოფლიო მასშტაბით განხილვები მოჰყვა, რომელიც ამჟამადაც გრძელდება. კანონპროექტის ავტორია წარმომადგენელთა პალატის წევრი ტექსასიდან ლამარ სმიტი.  SOPA-ს განხილვა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 15 იანვარს დაიწყეს. პარალელურად, აშშ-ს კონგრესის სენატში ასევე, განიხილება კანონპროექტი, რომელსაც “IP დაცვის აქტი (PIPA)” ჰქვია და რომელიც SOPA -ს მსგავსად კრიტიკის ობიექტი გახდა.

”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტის (SOPA)” თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ იყველა ამერიკული ინტერნეტ– პროვაიდერი ვალდებული იქნება, საკუთარ მომხმარებელს შეუზღუდოს წვდომა ყველა იმ ინტენრეტ– რესურსზე, რომელიც არალიცენზირებულ, მეკობრულ პროდუქციას ავრცლებს და რომლის საქმიანობაც არღვევს აშშ-ის კანონს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 13 იანვარს საკუთარ ვებგევრდზე კონგრესმენმა ლამარ სმიტმა დაწერა, რომ სხვადასხვა ინდუსტირულ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა, კანონპროექტიდან ამოიღონ პროვაიდერებისთვის მეკობრული ვებგვერდების დაბლოკვის ვალდებულება, თუმცა, გააგრძელებენ გზების ძიებას, რათა უცხოურ ვებგვერდებს არ მიეცეთ საშუალება არალეგალური პროდუქცია გაყიდონ და შემოსავალი ამ გზით მიიღონ.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ამერიკულ კომპანიას აეკრძალება ”მეკობრულ საიტებზე” რეკლამის განთავსება, საძიებო სისტემებმა კი მსგავსი ვებგვერდების ბმულები ძიების შედეგებში არ უნდა გამოაჩინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ”ინტერნეტ–მეკობრეებთან” თანამშრომლობაში დაადანაშაულებენ და აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად გაასამართლებენ.

”ინტერნეტ–მეკობრეობის შეწყვეტის აქტს (SOPA)” აქტიურად ლობირებს ჰოლივუდი. ამერიკული პრესა კანონპროექტის ავტორ სენატორს, ლამარ სმიტს, ”ჰოლივუდის საყვარელ რესპუბლიკელსაც” კი უწოდებს. ინტერნეტგამოცემა CNET წერს, რომ ლამარ სმიტის 2012 წლის საარჩევნო კამპანის ძირითადი დამფინასებლები სწორედ აშშ-ის კინო და სამუსიკო ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან, თავად სენატორს კი ხშირად ხედავენ ჰოლივუდურ წვეულებებსა და მიღებებზე.

კანონპროექტის მხარდამჭერებს შორისააა მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ერთად ფლობს სამაუწყებლო კომპანია ”ფოქსსა” და კინოკომპანია “20th Century Fox.”

აშშ-ის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ნიუ იორკ თაიმსის ვებგვერდზე საავტორო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ”თაღლითი(მეკობრული) ვებგევრდები”   ამერიკული ინოვაციური და კრეატიული პროდუქციის მოპარვის შედეგად იზიდავენ 53 მილიარდ ვიზიტს წელიწადში და საფრთხეს უქმნიან 19 მილიონ სამუშაო ადგილს აშშ-ში.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში კომპანიებმა– Google, Facebook, Twitter, Zynga, eBay, Mozilla, Yahoo, AOL, და LinkedIn-მა  აშშ-ს სენატსა და წარმომადგენელთა პალატას მიმართეს წერილით, რომელშიც წერია, რომ  ”ინტერნეტ– მეკობრეობის შეწყვეტის აქტი”(SOPA) სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც აშშ-ის კიბერუსაფრთხოებას, ისე ინოვაციების, სიახლეებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ინტერნეტინდუსტრიაში.

იმის გამო, რომ აშშ-ის სავაჭრო პალატა მხარს უჭერს ”ინტერნეტ– მეკობრეობის შეწყვეტის აქტს”(SOPA), კომპანია Yahoo!-მ აღნიშნული პალატა დატოვა.

რესპუბლიკელიკონგრესმენის მიერ შემუშავებული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა პრეზიდნტ ობამას ადმინისტრაცია.

– “ჩვენ მხარს არ დავუჭერთ კანონს, რომელიც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, გაზრდის კიბერუსაფრთოხების რისკს და რომელიც ძირს გამოუთხრის ინოვაციურ, დინამიურ ინტერნეტსივრცეს”, – აღნიშნული განცხადება ტექნოლოგიურ საკითხებში ბარაკ ობამას მრჩეველებმა გააკეთეს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ– მეკობრეობა სერიოზულ პრობლემას უქმნის აშშ-ის ეკონომიკას და საჭიროა გადამჭრელი, საკანონმდებლო ზომების მიღება, ეს არ უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლებისა და ბიზნესის შევიწროვების ხარჯზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი