ახალი ამბები

მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის

13 ივნისი, 2016 • 1181
მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის

დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვით, კომერციული ატაშეების ინსტიტუტი იქმნება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ვაჭრობას.

„ყველა ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით დატვირთვა მაღალია, იქნება საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობირებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის უშუალო წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად. განსაკუთრებით საუბარია ექსპორტზე, თუმცა იმპორტიც მნიშვნელოვანია და ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩქარა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა კონკრეტიზებული მიდგომა კონკრეტული ქვეყნების მიმართ, სადაც ცალკეული ადამიანები არიან პასუხისმგებელი კონკრეტულ პორტფელთან დაკავშირებით – რამდენიმე ქვეყანასთან ვაჭრობის დინამიკაზე.

კომერციული ატაშეების შესახებ ინფორმაცია 31 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა აცნობა საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი