ახალი ამბები

საია კულტურის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევისთვის უჩივლებს

13 ივნისი, 2016 • 1497
საია კულტურის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევისთვის უჩივლებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის წინააღდეგ სარჩელი შეაქვს. როგორც სარჩელის ავტორი, იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, კულტურის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება, რომელიც პროექტის Check In Georgia ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს და გაყიდულ ბილეთებს ეხებოდა, არ შეასრულა.

სალაძის თქმით, ასოციაციამ დაახლოებით ერთი თვის წინ კულტურის სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით, თუმცა დღემდე არ მიუღიათ არც მოთხოვნილი დოკუმენტები და არც განმარტება.

“კულტურის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ რამდენიმე ქვეყნიდან არის ნაყიდი პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში გასამართი ღონისძიებების ბილეთები. ჩვენ ვითხოვეთ, რომ მოეწოდებინათ ჩვენთვის ამ ქვეყნების ჩამონათვალი და თითოეული ქვეყნიდან შესყიდული ბილეთების ოდენობა. არათუ 10 სამუშაო დღე, ფაქტობრივად, ერთი თვე გავიდა ინფორმაციის მოთხოვნიდან და პასუხი არ მიგვიღია – არც განმარტება, თუ რატომ ვერ ვიღებთ ამ დრომდე ინფორმაციას. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ ინფორმაციის გამოთხოვების შესახებ დოკუმენტი გადაგზავნილია საინვესტიციო ფონდში და ამ ფონდიდან არანაირი დოკუმენტაცია არ მიგვიღია,” – აცხადებს სალაძე.

აპრილში კულტურის სამინსიტროში აცხადებდნენ, რომ მხოლოდ რობი უილიამსის კონცერტისათვის ბილეთების შესყიდვა 52 ქვეყნიდან განხორციელდა.

საიას იურისტის თქმით, არასრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს ასევე პროექტის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. Check In Georgia-ს მსხვილი ბიზნესკომპანიები მაისში შეუერთდნენ.

“პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ასლების მიღებასთან დაკავშირებით ასევე არასრულად მივიღეთ ინფორმაცია – მივიღეთ მხოლოდ ერთი ხელშეკრულება და სამინისტროს ვებზე გამოქვყენებული ინფორმაციის თანახმად, დასტურდება, რომ სამინისტროს უფრო მეტი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული,” – აცხადებს სულხან სალაძე.

Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება. კულტურის სამინისტროს განცხადებით, პროექტი ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი