ახალი ამბები

წულუკიანს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეების განაწილებისა და ვადების მიმართ კითხვები აქვს

11 ივნისი, 2016 • 1579
წულუკიანს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეების განაწილებისა და ვადების მიმართ კითხვები აქვს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განაწილებისა და განხილვის ვადების მიმართ კითხვები უჩნდება.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, თითქოს საქმეები კოლეგიებს შორის რიგითობის პრინციპის სრული დაცვით ნაწილდება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. თუმცა მიიჩნევს, რომ პრაქტიკაში კანონით დადგენილი ეს წესი მრავალჯერ დაირღვა. ამის საბუთად თეა წულუკიანს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზი მოაქვს.

დღეს, 11 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში თეა წულუკიანი ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ყველა კონსტიტუციური სარჩელი (NN 675, 678, 679, 681, 720, 721, 726) განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი და იმავე – პირველ კოლეგიას დაეწერა.

“მე დავსვი ლეგიტიმური კითხვა, თუ რატომ მოხდა ასე, რისი უფლებაც ნამდვილად მაქვს. დღემდე პასუხი არ არის”, – ამბობს მინისტრი

წულუკიანს ასევე უჩნდება კითხვა პროცედურასა და ვადებთან დაკავშირებით. კერძოდ, ტელეკომპანია რუსთავი-2-ისა და შპს „ტელეკომპანია საქართველოს” ყველა სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებულად მოკლე ვადაში დაასრულა საქმის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგიც დააყენა.

მაგალითად, N 675-ე სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო (სადავო ნორმა შეაჩერა) სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვიდან 6 დღეში, ხოლო N 681-ე სარჩელზე იგივე სამართლებრივი შედეგები დააყენა 7 დღეში, ამბობს წულუკიანი.

“ამგვარი სწრაფი მართლმსაჯულება მისასალმებელია, მაგრამ არა მაშინ, როცა ამას პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

ყურადღებით მოვისმენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნიშნით გამოარჩია მოცემული ორი საქმე და დაიწყო მათი სწრაფი განხილვა მაშინ, როცა სასამართლოს არ გადაუწყვეტია გაცილებით ადრე შესული 15-მდე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, აცხადებს მინისტრი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 10 ივნისს ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საქართველოს იუსტიციის მინისტრი ცილისწამებაში, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი