ახალი ამბები

უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი – ეს ცუდი მოვლენაა

11 ივნისი, 2016 • 1051
უსუფაშვილი: უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი – ეს ცუდი მოვლენაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის, რომ უზენაესი სასამართლო ჯერ კიდევ დაუკომპლექტებელია, სასურველი არ არის.

თუ დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ დაამტკიცა, ამის გამო ვწუხვარ. ვწუხვარ ორი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ სამივე წარდგენილ კანდიდატურას ჩემი ხმა ჰქონდა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე. ეს ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი მაქვს ვწუხდე, იმიტომ, რომ ამით უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი – ეს არ არის სასურველი მოვლენა. თან, ეს პროცესი გაიწელა უკვე ორ თვეზე მეტია. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ გაგრძელდება ეს ეტაპი, პრეზიდენტს აქვს განმეორებით კანდიდატების წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო. ყველასთვის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატები მსოფლიოში არ არსებობენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ. ასე ხერხდება ხშირად. მაგალითად, ერთი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხერხდა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა და ეს იყო სწორი. იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთანაც ამას როგორმე მოვახერხებთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

10 ივნისს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარა კენჭი და მხარი არც ერთ მათგანს დაუჭირა.

ანა დოლიძის კანდიდატურა 34 ხმით 4-ის წინააღმდეგ ჩავარდა,  თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა- 27 ხმით 2-ის წინააღმდეგ, ხოლო ნონა თოდუას კანდიდატურა 22 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ჩავარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი