ახალი ამბები

გამოხმაურება ,,რუსთავი 2” -ის საქმეზე- კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

11 ივნისი, 2016 • 1392
გამოხმაურება ,,რუსთავი 2” -ის საქმეზე- კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

კოალიციამ ,,მედიის ადვოკატირებისთვის” 10 ივნისს პრესკონფერენცია გამართა და გამოეხმაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

“განცხადების მიზანი არ არის შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ მრავალგზის გამოვეხმაურეთ საქალაქო და სააპელაციო სასამართლო განხილვის მიმდინარეობას და აღვნიშნეთ, რომ არაერთი დეტალი აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს პროცესის პოლიტიზებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კოალიციამ პრესკონფერენციის შემდეგ გაავრცელა.

“გვსურს კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ბედის გადაწყვეტამ სასამართლო პროცესის მიმართ უნდობლობის ფონზე, შესაძლოა, არა მხოლოდ მედია და წინასაარჩვენო გარემოზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ სამართლებრივი სივრციდან გაიყვანოს პროცესი.

უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ. რადგან ქვედა ინსტანციებში სახეზე იყო არაერთი გარემოება, რომელიც აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, უზენაესმა სამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით”, – აცხადებს  კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომლის წევრები არიან:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი; რეგიონული მედიის ასოციაცია; საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB); მედიაკლუბი; არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი; მედიის მხარდაჭერის ფონდი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. 

  • კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" გამოეხმაურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ქეთი ხუციშვილი, ფონდ "ღია საზოგადოება -საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი [მარცხნივ], ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციის თავმჯდომარე [მარჯვნივ]10 ივნისი, 2016, თბილისი, საქართველო

    ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი [მარცხნივ], ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციის თავმჯდომარე [მარჯვნივ]10 ივნისი, 2016, თბილისი, საქართველო


თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანიის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ “საქართველოს” მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების საჩივარი, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს. საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 10 ივნისს უცვლელად დატოვა.

ქიბარ ხალვაშის სარჩელი რუსთავი 2-თან დაკავშირებით და მისი განვითარება

2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე.

კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.

მოსამართლემ შვიდპუქტიანი სარჩელის მხოლოდ ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა:

– გთხოვთ მოხდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველო”-ს (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმება და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს “პანორამა”-ს (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობა.

– გთხოვთ ბათილად ცნოთ: ა) 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის მისი კუთვნილი 60%–ი წილიდან 22%-ი გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435). ბ) 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის საწესდებო კაპიტალის 38%–ი გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401); გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები.

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანიშვილი 4. გიორგი ყარამანიშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე 7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”], ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის 60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997$-ად, თუმცა მოსარჩელის, განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ მიუღია.

მოსარჩელე ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის -18%-ის , შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამის” გამოცხადებას.

გარდა ამისა ხალვაში ითხოვდა:

  • აღიარებულ იქნას სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის არსებული შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ლოგოს ავტორად;
  • მოპასუხე შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს დაეკისროს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 200 000 აშშ დოლარის ოდენობით;
  • ქიბარ ხალვაში ცნობილ იქნეს სატელევიზიო გადაცემების „ბოიარდის სასახლის“, „უკანასკნელი გმირის“ და „ჯეობარის“ ქართული ვერსიების საავტორო უფლების მფლობელად;
  • დაეკისროს მოპასუხე შპს „სამუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ს მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ 300 000 აშშ დოლარის გადახდა“;
  • 2015 წლის 17 სექტემბერს ქიბარ ხალვაშმა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით. ხალვაშის მტკიცებით, მან ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები. ეს მოთხოვნები დღეს მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.

სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით, რუსთავი 2-ის 60%, რომელსაც პაატა კარსანიძე ფლობდა, 2004 წლის 16 ივნისს გადავიდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში. ეს წილი სწორედ იმავე დღეს გახდა პაატა კარსანიძის საკუთრება – მანამდე 30%-ს დავით დვალი, 30%-ს კი ჯარჯი აქიმიძე ფლობდნენ.

რუსთავი 2-ის 30%, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა და რუსთავი 2-ის 10%, რომელსაც ნიკა ტაბატაძე ფლობდა, გადავიდა შპს “პანორამის” საკუთრებაში.

სარჩელში მითითებული არ არის რამდენი გადაიხადა ქიბარ ხალვაშმა ან კარსანიძემ რუსთავის 2-ის წილებში.

რუსთავი 2-ის საქმის განვითარება

2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა 29-30 სექტემბერს ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, რასაც ყადაღა მოყვა და მფლობელების ცვლილება ვეღარ განხორციელდა.

იმ მოტივით, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შესაძლოა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოხცადების შემდეგ გამოეცა დაუყოვნებლივი აღსრულების ბრძანება, რუსთავი 2-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.

მასალების გადაბეჭდვის წესი