ახალი ამბები

ანაკონდა -2016: პრეზიდენტი ახსნა-განმარტებას ითხოვს – თავდაცვის მინისტრი პასუხობს

11 ივნისი, 2016 • 2139
ანაკონდა -2016: პრეზიდენტი ახსნა-განმარტებას ითხოვს – თავდაცვის მინისტრი პასუხობს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებთან დაკავშირებით, რომელსაც ქართული ასეული გამოეთიშა, თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ახსნა- განმარტებას თხოვს. ორივემ უკვე გააკეთა განმარტება.

მარგველაშვილმა  10 ივნისს ამ წვრთნებს “უმნიშვნელოვანესი” უწოდა “არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც” და განაცხადა, რომ ქართული ასეულის ამ წვრთნებში მონაწილეობა “უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო”.

საუბარია “ანაკონდა 2016”-ზე, 7-17 ივნისს პოლონეთში მიმდინარე მასშტაბურ წვრთნებზე, რომელშიც ნატოს და პარტნიორი 20 ქვეყნის 30 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. წვრთნები  ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებად შეაფასეს.

თავდაცვის სამინისტრომ  შეიარაღებულ ძალებში გამოვლენილი ჩუტყვავილა დაასახელა იმის მიზეზად, რის გამოც ქართული სამხედრო ასეული გამოეთიშა პოლონეთში მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ.

“ანაკონდა 2016”, რომელშიც 10 დღის განმავლობაში 30 ათასზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებია, – იუწყება საერთაშორისო მედია.

პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაში  – “ANAKONDA-16” ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს.

რადიო “თავისუფლების” რუსულმა ბიურომ 9 ივნისს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბრიუსლეიდან ურჩიეს, თავი შეეკავებინა წვრთნაში მონაწილეობისაგან, რათა ვარშავის სამიტამდე მოსკოვის დამატებითი გაღიზიანება არ გამოეწვია. ეს სტატია ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. 9 ივნისს თავდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზეზი  შეიარაღებულ ჯარებში გავრცელებული ინფექციური დაავადება “ჩუტყვავილაა”.

10 ივნისს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს უახლოეს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელისგან აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებებს ამ თემაზე.

10 ივნისს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ასეულის გამგზავრებამდე  რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილის დაავადების ორი შემთხვევა.

„ჩვენთვის არასასიამოვნო მდგომარეობა წარმოიქმნა, რადგან ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ წვრთნებში მონაწილეობას. სწავლებისთვის დანაყოფიც სრულ მზადყოფნაში იყო. მაგრამ გაუფრთხილებლობით, ოჯახში პატარა ბავშვს  ჩუტყვავილა შეეყარა და პიროვნებამ დაავადება აღნიშნულ ასეულში შემოიტანა. სამწუხაროდ, ეს ამბავი დანაყოფის სწავლებაზე გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე მოხდა. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი, რომელშიც მედიკოსებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენს დანაყოფს უნდა მიეღო მონაწილეობა ამერიკული ბატალიონის დაქვემდებარებაში. საერთო გადაწყვეტილებით, რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ზოგადად მთლიანად ანაკონდას სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ამჯერად ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ წვრთნებში”, – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე განცხადებით, პერსონალურად გეგმავს პოლონეთში ჩასვლას, რათა “სწავლებას ორივე მიმართულების სარდალთან ერთად” დააკვირდეს.

ამ თემას და პრეზიდენტის განცხადებას  თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 10 ივნისს ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თემაზე დისკუსია “რუსული პროპაგანდის სცენარით” მიმდინარეობს.

ამ თემაზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მინისტრის განმარტებებს სრულად გთავაზობთ:

  1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიწვეული იყო სწავლებაზე ამერიკული ბატალიონის ფარგლებში, ყველა ლოგისტიკური საკითხი, უსაფრთხოების და დაშვების თემები იყო მოგვარებული. ფრენა გრაფიკით გათვალისწინებული, აეროპორტი პოლონეთში დაჯავშნილი და ა.შ. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რამე ვერ მოესწრო ან ლოგისტიკურად გაუმართავი იყო, უსაფუძვლო და ტყუილია.
  2. გამგზავრებამდე 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ჩუტყვავილა ჰქონდა. ორივე, ასეულთან ერთად იყვნენ მთელი პერიოდის მანძილზე, ხოლო ჩუტყვავილა, როგორც მოგეხსენებათ, ადვილად ვრცელდება. შესაბამისად, სამწუხაროდ, სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ ვინაიდან ინკუბაციის ვადები გრძელია და რისკი მაღალი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ ასეულის გაგზავნა. სამწუხაროდ, ექიმები მართალი აღმოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობით უკვე 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
  3. ინფორმაცია დაავადების შესახებ მაშინვე მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, ამერიკელებს, პოლონელებს, ასევე ნატოს. ნაცვლად იმისა, რომ დაგვემალა ეს ფაქტი და რისკის წინაშე დაგვეყენებინა ჩვენი ბიჭებიც და იმ ამერიკული ბატალიონის პირადი შემადგენლობაც, ვისთან ერთადაც უნდა გაგვევლო წვრთნები, ჩვენ მოვიქეცით მაღალი პასუხისმგებლობით, რაც შესაბამისად შეფასდა პარტნიორების მხრიდან.
  4. დასტურად იმისა, რომ აბსოლუტური ტყუილი, სისულელე და რუსული პროპაგანდის მორიგი შედევრია “ქართველების არდაშვება, ან რჩევა ქართველებისთვის, არ მიეღოთ მონაწილეობა”, გენერალი და ორივე მიმართულების სარდალი მიემგზავრებიან ანაკონდაზე დასასწრებად.
  5. საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ბევრი წელია მუდმივად მონაწილეობენ ნატოს და პარტნიორების წვრთნებში, ანაკონდა ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი წვრთნაა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი, სადაც ჩვენები ყოფილან ჩართული და მომავალშიც იქნებიან.
  6. ასეულს ვერ ჩავანაცვლებდით, ვინაიდან პრაქტიკულად არავითარი დრო აღარ გვქონდა, რომ შესაბამისი პროცედურები გაგვეტარებინა ახალი პირადი შემადგენლობისთვის. ვერ ჩავანაცვლებდით კიდევ იმიტომ, რომ ეს არ არის სწავლება ნებისმიერი ასეულისთვის. მასში მონაწილოების მისაღებად OCC-ის ასეული მიდიოდა. ცოტა რთული ტექსტი იქნება ახლა, მაგრამ რადგან ამხელა ნიაღვარი წამოვიდა, უნდა განვმარტო.
  7. OCC (Operational Capability Concept) ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი ორი ასეულია ჩართული. მათგან ერთი, ალფა, როგორც იცით, უკვე სერტიფიცირებულია Noble Partner-ის დროს და NRF-ის სტატუსი მიიღო. მას დასრულებული აქვს სწავლებების ციკლი. მეორე, ჩარლი, მიდიოდა პოლონეთში. მას ჯერ კიდევ სწავლებების ციკლი დასასრულებელი აქვს, თანმიმდევრობა არის ერთი ჩვენთან, ერთი გარეთ. ცუდია, რომ ამ სწავლების გამოტოვება მოუწიათ, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება ჩვეულებრივ. სხვა ასეული უბრალოდ ვერ წავიდოდა.
  8. ბუნებრივია, ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ, მაგრამ ცალსახად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდე უშიშროების საბჭოს მდივანს პრეზიდენტის თანდასწრებით. არაფერი იმისგან განსხვავებული, საიდუმლო, ან დახურულ კარს მიღმა განსახილველი, რაც აქ დავწერე, არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას პირდად ჩემი და გენერალური შტაბის უფროსის სახელით, რომ ნებისმიერ ფორმატში გავაკეთოთ მოხსენება, თუმცა ეს არის საკითხი, სადაც დასამალი და საიდუმლო არაფერია და შესაბამისად საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მოხდა.
  9. ყველას მინდა ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას, და ამ თვალსაზრისით ნამდვილად გაუგებარი იყო რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაცია, ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს.
  10. ანაკონდა -2016 - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით მასშტაბური სამხედრო წვრთნები პოლონეთში. 7 ივნისი, 2016; ფოტო: EPA

    ანაკონდა -2016 – ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით მასშტაბური სამხედრო წვრთნები პოლონეთში. 7 ივნისი, 2016; ფოტო: EPA

    ანაკონდა -2016 - ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით მასშტაბური სამხედრო წვრთნები პოლონეთში. 7 ივნისი, 2016; ფოტო: EPA/TYTUS ZMIJEWSKI

    ანაკონდა -2016 – ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით მასშტაბური სამხედრო წვრთნები პოლონეთში. 7 ივნისი, 2016; ფოტო: EPA/TYTUS ZMIJEWSKI

მასალების გადაბეჭდვის წესი