ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გაათავისუფლეს

14 იანვარი, 2012 • 1213
“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გაათავისუფლეს

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, 2000– ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ადვოკატ ლადო გვარჯილაძის თქმით, ჩხაიძის საქმის სასამართლო განხილვა 7 მარტს გაიმართება. პროკურატურა მას იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში (სსკ 236–ე მუხლის პირველი ნაწილი) სდებს ბრალს.

“თავისუფალი დემოკრატების” გურიის რეგიონული კოორდინატორის, თემურ სალუქვაძის თქმით, ელგუჯა ჩხაიძის სახლში გუშინ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ქათმის ბუდეში აღმოჩენილი იქნა ავტომატის მჭიდი, ხოლო მისი სახლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, ე.წ. ფერმერულ მეურნეობაში – ავტომატი.

შემთხვევის ადგილზე გუშინვე ჩავიდა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც დღეს ლნჩხუთში ბრიფინგი გამართა. ალასანიას თქმით, ასეთი ფაქტები ქართულ საზოგადოებას არ შეაშინებს:

“არ შეაშინებს არც ერთ ჩვენს მხარდამჭერს იმიტომ, რომ ცვლილება, რომელიც განხორციელდება წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით, შეცვლის იმ ხელისუფლებას, რომელიც სწორედ განსხვავებული აზრის გამო დევნის საკუთარ მოქალაქეებს,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამავე თემაზე:

ალასანია: “სააკაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება”

ლანჩხუთის პოლიციაში ჩხაიძის დაკითხვა მიმდინარეობს

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დააკავეს



მასალების გადაბეჭდვის წესი