“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი და კაშხალი აშენდეს, რომლითაც მისი რეზიდენცია და GDS ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროთი მოამარაგებს.
ნიკა მელია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ჩაუვარდათ ხელში დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილი კვლავ მალულად, თითქოს სხვა კომპანიის ხელით ცდილობს მიიტაცოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია.
დღეს, 8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიამ ისაუბრა 2 დოკუმენტზე – ერთია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობასა და კომპანია “წავკისი ჰესს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც “წავკისი ჰესმა” მიმართა თბილისის მერიას, რომლითაც ისინი ამ ტერიტორიის მის ბალანსზე გადაცემას სთხოვენ.
საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ეს არის მცირე სიმძლავრის ჰესი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის უნდა აშენდეს.
ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლი ამ ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით მდებარეობს.
“ეს არის უკვე ძალიან მეტისმეტი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში საზღვარი არაფერს არ აქვს”, – ამბობს ნიკა მელია.
ნიკა მელია ამბობს, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასწარაფოდ უნდა აუხსნან საზოგადოებას ამ ყველაფრის შესახებ.
მელიას განცხადებას გამოემახურა თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც განაცხადა, რომ რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, არის სიცრუე.
“პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადების გაკეთება, არა მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვის არ არის საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, როცა მე მივედი საკრებულოში. ყველა საკითხი ძალიან ნათელია. ძალიან მკაფიოა საზოგადოებისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია უფრო მეტად ვითარდება და რაიმე სახის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი ნამდვილად არ ექნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება კომპანია წავკისი ჰესს, საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2015 წლის 25 ივნისს დარეგისტრიდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი დავით ქოროღლიშვილია.