ახალი ამბები

მთავრობის სხდომაზე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის საკითხები განიხილეს

6 ივნისი, 2016 •
მთავრობის სხდომაზე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის საკითხები განიხილეს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების გადაცემის საკითხი განიხილეს. დღის წესრიგის მიხედვით, ეს საკითხები განსახილველად სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს უნდა გამოეტანა.

სხდომის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთი შეეცადა დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ეკითხა, თუ რა ქონებაზე იყო საუბარი, მაგრამ მან განაცხადა, რომ ეჩქარებოდა და მთავრობის კანცელარიის “ბრიფინგების ოთახი” ისე დატოვა, რომ ამ შეკითხვას არ უპასუხა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ ამ დროისთვის, ვინაიდან გვიანია, იურისტებთან საკითხის გადამოწმება ვერ ხერხდება და ინფორმაციას დაზუსტებით ხვალ მოგვაწოდებენ.

მთავრობის სხდომაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოიტანა საქართველოს მთავრობის განკარგულების სამი პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ”. ასევე, განკარგულების პროექტი “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველის სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი