ახალი ამბები

ქუმსიშვილი: ურეკის, ვარძიის, ბახმაროს და სხვა დასახლებების სივრცით-ტერიტორიულ მოწყობაზე ვმუშაობთ

6 ივნისი, 2016 • 1290
ქუმსიშვილი: ურეკის, ვარძიის, ბახმაროს და სხვა დასახლებების სივრცით-ტერიტორიულ მოწყობაზე ვმუშაობთ

საქართველოს ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ რეგიონების ინფრასტუქტურული განვითარებისათვის დასახლებების სივრცით მოწყობაზე მუშაობა დაიწყო.

“უკვე მომზადებული და დამტკიცებულია ხერთვისის, ოლოდას, ვარძიის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაცია. ვმუშაობთ ბახმაროს, ასევე მესტია-მულახისა და ახმეტა-თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის უზრუნველყოფისთვის კონკურსების ორგანიზებაზე. უკვე მზად არის და როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე მალე დავამტკიცებთ გუდაურის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით,  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დადგენილების პროექტი გაიტანეს, რომელიც მუნიციპალურ დონეზე უკვე დამტკიცებულია.

ვიცეპრემიერის თქმით, ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები, ურეკის ზღვისპირა კლიმატური კურორტის მაღალი პოტენციალი, მოხერხებული სატრანსპორტო კავშირები, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული დაგეგმარება, რაც უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე საერთაშორისო მნიშვნელობის, მაღალი დონის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის შექმნას.

„ურეკი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სამკურნალო ზღვისპირა კურორტია, მაღალი ტურისტულ-სარეკრეაციო პოტენციალით და მიზანშეწონილია, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მოხდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის განახლება – რევიზია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ურეკში მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის შეფასებით, ასეთივე მაღალი ტურისტულ-სარეკრეაციო პოტენციალი გააჩნია შეკვეთილის ზღვისპირა ტერიტორიასაც. მისი განცხადებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, კურორტის ფუნქციონირება მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

„შეკვეთილის ტერიტორიებისთვის აქამდე არ შემუშავებულა არც კონცეპტუალური ხასიათის პერსპექტიული განვითარების და არც მიწათსარგებლობის დოკუმენტაცია, რაც აჩენს რისკებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მიმდინარე განაშენიანება უსისტემოდ და არაგეგმაზომიერად განვითარდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა სანაპირო ზოლი, სადაც შეუსაბამო მშენებლობების განხორციელების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს სანაპირო ზოლის წარეცხვა და, შესაბამისად, სამკურნალო პლაჟების შემცირება ან დაკარგვა“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი