ახალი ამბები

“ქართულ პარტიაში” მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მსჯელობენ

27 დეკემბერი, 2011 • 1447
“ქართულ პარტიაში” მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მსჯელობენ
“ქართული პარტიის” ლიდერები განსხვავებულ პოზიციებს აქვეყნებენ იმასთან დაკავშირებით – უნდა შეიქმნას თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გუნდების გარდა, მესამე პოლიტიკური ცენტრი ქვეყანაში?
“ქართული პარტიის” ცნობით, ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც პარტიული შემადგენლობის უმრავლესობა ემხრობა, აქტიურად ლობირებს მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას. ირაკლი ოქრუაშვილი კი მოვლენებისადმი ბოლო მომენტამდე დაკვირვების რეჟიმში ყოფნას უჭერს მხარს.
„თუ ჩვენ უახლოეს ერთ თვეში საფუძველს ვერ ჩავუყრით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, მიუხედავად შემადგენლობისა, რომლის კონტურებიც აშკარად სახეზე გვაქვს, მოხდება სრული პოლარიზაცია ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის, რაც ივანიშვილს, არჩევნებზე დიდი ალბათობით დამარცხების შემთხვევაში, აიძულებს დასთანხმდეს მიღებულ 20-30 ადგილს, რაც სრულად მოკლავს საპროტესტო მუხტს. თანაც პოლარიზაცია და ივანიშვილის ბრძოლის უპერსპექტივო ტაქტიკა სრულად გაანადგურებს პოლუსებს მიღმა დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს. რაც სააკაშვილის დიდი ხნის ოცნებაა. შედეგად არენაზე დარჩებიან მხოლოდ რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია. ივნიშვილის ქვოტით გასულ რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩავთვლით,“ – აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა შეუძლებელია, რადგან “მათ, ვინც ამ ცენტრის შემადგენელნი უნდა გახდნენ, საკმარისი ჭკუა არ ყოფნით, რომ ამის აუცილებლობაში დარწმუნდნენ. სრულიად არ ჯერათ საკუთარი ძალების და წარმატების, დამოუკიდებელ ბრძოლას და ამ ბრძოლაზე პასუხისმგებლობის აღებას ურჩევნიათ ჯერ ისევ პირდაღებულნი ივანიშვილის წყალობის მოლოდინში იყვნენ და იქნებიან უკანასკნელ წუთამდე. სანამ ამის იმედი არ გადაეწურებათ, ხოლო, როდესაც გადაეწურებათ, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება და ისინი პოლიტიკური სცენიდან გამქრალნი იქნებიან, თანაც პოლარიზაციის ეს სახე-აქეთ სააკაშვილი თავის ნაძირლებით და იქით ივანიშვილი, თითქმის იგივე შემადგენლობით, გვაძლევს შანს სიამოვნებით საყურებელი ბრძოლის. როდესაც შეიძლება დატკბე, როგორ დახოცავენ ისინი ერთმანეთს, თუმცა სამწუხაროდ, ეროსის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლა ხანმოკლე იქნება და მეორე რაუნდამდეც ვერ მიაღწევს სააკაშვილის სასარგებლოდ, საიდანაც მიშა, ასევე დიდი დანაკარგებით გამოვა”.
“ქართული პარტიის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ არაერთი ხანგრძლივი განხილვის შედეგად, ლიდერებს შორის ამ საკითხზე აზრის შეჯერება ვერ მოხერხდა, რის გამოც, გამორიცხული არაა, პარტიაში შიდა კენჭისყრა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი