ახალი ამბებისამართალი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა კიდევ გადაიდო

3 ივნისი, 2016 • 1877
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა კიდევ გადაიდო

დღეს, 3 ივნისს, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადადო. დავით უსუფაშვილის განცხადებით, გადადება უმრავლესობის წარმომადგენლებმა საბოლოო შიდა კონსულტაციებისთვის ითხოვეს:

“უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ფრაქციების ლიდერებმა მთხოვეს მეცნობებინა თქვენთვის, რომ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გადავდოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა საბოლოო შიდა კონსულტაციებისთვის უმრავლესობის შიგნით,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას კონნსულტაციებისთვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რადგან რამდენიმე თვეა, რაც კანდიდატები პარლამენტს წარუდგინეს:

“უმრავლესობის ლიდერებმა მოითხოვეს კენჭისყრის გადადება. მათი თქმით, საჭიროა დამატებითი შიდა კონსულტაციები. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ დავთანხმდით კენჭისყრის გადადებას, თუმცა ეს ვერანაირად იქნება დამაკმაყოფილებელი საბაბი, რადგან მოსამართლეობის კანდიდატები რამდნიმე თვეა არიან წარმოდგენილი და ეს დრო საკმარისზე მეტი იყო ყოველგვარი შიდა კონსულტაციებისთვის. დღეს უზენაეს სასამართლოს ძალიან ესაჭიროება კვალიფიციური მოსამართლეები იმისთვის, რომ პროცესების პარალიზება არ მოხდეს.”

კომიტეტებმა კანდიდატებს- ანა დოლიძეს, თამარ ლალიაშვილსა და ნონა თოდუას ჯერ კიდევ აპრილში მოუსმინეს, თუმცა პარლამენტის გადატვირთული დღის წესრიგის გამო კენჭისყრა აქამდე არ ჩატარებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი