ახალი ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავა: ვეცდებით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე გავაკეთოთ აქცენტები

3 ივნისი, 2016 • 2189
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვეცდებით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე გავაკეთოთ აქცენტები

ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა დღეს, 3 ივნისს  წარადგინა, ჟურნალისტებთან თავისი გამოსვლა პრემიერისათვის მადლობის გადახდით დაიწყო.

როგორც ჯეჯელავა ამბობს, რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა შემოთავაზებას და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ახლად დანიშნული მინისტრი აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებს სამინისტროში არ გეგმავს, რადგან “ამისი საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს”.

ჯეჯლავამ  ამ ეტაპზე თავი შეიკავა საუნივერსიტეტო თვითმმართველობაზე, აუდიტორია #115-თან დაკავშირებულ თემებზე საუბრისგან. ის აცხადებს, რომ ამ საკითხებზე უფრო ვრცლად კომენტარს რამდენიმე დღეში გააკეთებს.

ახალმა მინისტრმა რამდენიმე ზოგადი განცხადება გააკეთა განათლების სისტემაზე:

“დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ განათლების სისტემის კუთხით ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ რეგიონში ლიდერობაზე პრეტენზია განაცხადოს. ამიტომ ჩვენ შევეცდებით, რომ განათლების სისტემა ყველა მიმართულებით არა მარტო პასუხობდეს ქართული საზოგადოების საჭიროებებს, არამედ გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო და სანიმუშო.”

იგი აქცენტს ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აკეთებს:

“ტექნოლოგიების უფრო მაღალი ხარისხით გამოყენება სწავლის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. უმაღლესი და საშუალო განათლებაც, პროფესიული განათლებაც დამყარებულია ტექნოლოგიებზე. ვეცდებით, რომ ტექნოლოგიების გამოყენებაზე გავაკეთოთ აქცენტები”.

განათლებისა და მეცნიერების ახლდად დანიშნული მინისტრი ამბობს, რომ სურს ხელი შეუწყოს როგორც “ქართველი სტუდენტების უცხოეთში სწავლას, ასევე, უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლას”. მისი თქმით, აპირებენ გააგრძელონ და გააფართოონ პროფესიული განათლების პროგრამები.

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე შეცვალა. სანიკიძე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან 3 ივნისს დაითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი