ახალი ამბებისამართალი

კანონპროექტი ადვოკატთა დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად

3 ივნისი, 2016 • 1204
კანონპროექტი ადვოკატთა დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო იტნეგრაციის კომიტეტი პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანი ადვოკატის სისხლისსამართლებრივი დაცვის გარანტიების შემოღებაა. ამ თემაზე დღეს, 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ ისაუბრა.

კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  ითვალისწინებს ადვოკატის სისხლისსამართლებრივი დაცვის ისეთივე გარანტიებს, როგორიც გააჩნია პროკურორს და გამომძიებელს, ასევე, მოსამართლეს.  ამ მიზნით სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე და 365-ე მუხლებში შედის შესაბამისი ცვლილებები, რომელთა თანახმად, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, აგრეთვე დასჯადი იქნება მუქარა, ჩადენილი ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით.

“ამ საკითხს საკმაოდ დიდი ხანი აყენებდა ადვოკატთა დიდი ნაწილი. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა როგორც ადვოკატებთან, ასევე, სხვა შესაბამის უწყებებთან, რომლებსაც შეხება აქვთ სამართალწარმოების პროცესთან. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ამ საკითხის ინიცირება. ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს ასეთი სტანდარტი. ადვოკატებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი გზავნილი. სახელმწიფო ხაზგასმით ამბობს, რომ დაცვის მხარის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი,” – განაცხადა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი