ახალი ამბები

”მიჩურინის ვაშლი” ივანიშვილის მოქალაქეობის საქმის განხილვაზე

20 დეკემბერი, 2011 • • 4119
”მიჩურინის ვაშლი” ივანიშვილის მოქალაქეობის საქმის განხილვაზე
დღეს, 20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელი თინათინ სირაძე ბიძინა ივანიშვილის ხუთი ადვოკატის შეკითხვების უმრავლესობაზე ამბობდა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი, ეპასუხა ამ  კითხვებზე, ან მას ამაზე უკვე ჰქონდა პასუხი გაცემული.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელის განხილვა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 14:00 საათზე კითხვა-პასუხის რეჟიმით განახლდა და მტკიცებულებათა გამოკვლევით დასრულდა.

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში ხუთი ადვოკატი იცავს: შალვა თადუმაძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და არჩილ კბილაშვილი. ისინი დღეს მოპასუხეს – პრეზიდენტის წარმომადგენელ თინათინ სირაძეს უსვამდნენ კითხვებს იმ გარემომოებებთან დაკავშირებით, რის გამოც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივანიშვილსა და ხვედელიძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

თინათინ სირაძემ არ უპასუხა ივანიშვილის ადვოკატების კითხვას, თუ რატომ მიანიჭა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს მოქალაქეობა – სახელმწიფოებრივი ინტერესის, თუ დამსახურების გამო. ასევე, როცა მოქალაქეობას უწყვეტდა, აღნიშნული სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობდა თუ არა დ ა.შ.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა პირველ კითხვაზე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილი არ იყო ამ კითხვაზე ეპასუხა. რაც შეეხება მეორე კითხვას, მან თქვა, რომ მოქალაქეობა ივანიშვილ-ხვედელიძეს შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 32-ე დ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მოქალაქეობის შეწყვეტას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში.

აღნიშნული პასუხი და 32-ე მუხლი დასმულ კითვაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა არაერთხელ გაიმეორა, რაზეც ადვოკატმა ზაქრია ქუცნაშვილმა უკმაყოფილება გამოხატა და თინათინ სირაძეს უთხრა:

”მიჩურინის ვაშლი, ვაშლი მიჩურინის, ყველაფერს ასე როგორ პასუხობთ?”

”დიახ, მიჩურინის ვაშლი. ერთსა და იმავე კითხვებს მისვამთ და მეც ერთსა და იმავე პასუხებს გაძლევთ,” -იყო პრეზიდენტის წარმომადგენლის პასუხი.

ივანიშვილის ადვოკატებმა დღეს კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ არ შეიძლება, გამონაკლისი წესით მოქალაქეობამინიჭებულ პირზე გავრცელდეს ორგანული კანონის 32-ე მუხლის დ ქვეპუნქტის რეგულაცია. ანუ,  დაუშვებელია, მას ისევე შეუწყდეს მოქალაქეობა, როგორც ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქესა და მოქალაქეობამიღებულ პირებს.

მოსარჩელის ადვოკატების მტკიცებით, მოქალაქეობის გამონაკლისის წესით ”მინიჭება” და მოქალაქეობის ”მიღება” სხვადასხვა ცნებებია. მოქალაქეობის მიღებისას პირები დებენ ფიცს და მათ სახელმწიფო უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს, რისი დაკმაყოფიელბის შემთხვევაშიც აძლევს საქართველოს მოქალაქეობას. მოქალაეობას გამონაკლისი წესით ანიჭებენ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელების მტკიცებით კი, საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია და მნიშვნელობა არა აქვს, ისინი რა გზით გახდნენ საქართველოს მოქალაქეები. თუ მათ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ეს ხდება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი.

”თუ კანონმდებელი ჩათვლიდა საჭიროდ, რომ კანონში ჩაეწერა განსხვავება გამონაკლისი წესით მოქალაქეობამინიჭებულ პირსა და ჩვეულებრივი წესით მოქალაქეს შორის, ჩაწერდა,” – თქვა პრეზიდენტის წარმომადგენელმა თინათინ სირაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას სამოქალაქო რეესტრის მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოაწერა ხელი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა, რომელიც სასამართლოში სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს, განაცხადა, რომ  როდესაც რეესტრი უუქმებდა  ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქეობას, მოქმედებდა თანასწორობის პრინციპით. მისი თქმით, ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.

აღნიშნულის საპასუხოდ ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ გაბრიელაშვილს ჰკითხა, თუ სამოქალაქო რეესტრი თანასწორობის პრინციპით მოქმედებდა, რატომ არ გაუუქმა საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილ-ხვედელიძის სამ შვილს?

გიორგი გაბრიელაშვილმა განაცხადა: ”შვილებზე რატომ არ დავიწყეთ საქმის წარმოება, აწი რას ვიზამთ და როგორ, არ ვიცი. ამ საკითხებზე არ გაგვიმახვილებია ყურადღება.”

კითხვაზე, თუ რატომ არ გაამახვილეს ყურადღება, რეესტრის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ კანონით  სახელმწიფო უწყება არ იყო ვალდებული და სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებს არც გახსენებიათ ივანიშვილის შვილების მოქალაქეობის ამბავი.

ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქეობა არა თანასწორობის პრინციპის, არამედ პოლიტიკური მოტივით შეუწყდათ.

როგორც ადვოკატმა შალვა თადუმაძემ თქვა, ივანიშვილსა და მის ცოლს მოქალაქეობა იმიტომ შეუწყდათ, რომ მათ საქართველოში ვერ დაეწყოთ პოლიტიკური საქმიანობა. რაც შეეხება შვილებს, მათ ასაკი არ აძლევთ საშუალებას, ჩამოაყალიბონ პოლიტიკური პარტია და იყარონ კენჭი, შესაბამისად, მათთვის მოქალაქეობის შეწყვეტის ინტერესი ხელისუფლებას არ გააჩნდა.  ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, დანარჩენი შვილები კი არასრულწოვნები არიან.

მოსარჩელეთა მთავარი არგუმენტი არის ის, რომ პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი არ იყო უფლებამოსილი პირი, რომელსაც უნდა შეეწყვიტა მოქალაქეობა ივანიშვილ-ხევედელიძისთვის, რადგან მას ამ საქმესთან დაკავშირებით პირადი, პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა.

როგორც შალვა თადუმაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა 7 ოქტომბრის განცხადებაში მიხეილ სააკაშვილს საწინააღმდეგოი განცხადებები გააკეთა და ბრძოლა გამოუცხადა არსებულ ხელისუფლებას, შესააბმისად, პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკურ პროცესებში ვერ მიიღოს მონაწილეობა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასრულდა კითხვა-პასუხისა და მტკიცებულებების განხილვის ეტაპი. შემდეგ ეტაპზე იქნება პაექრობა. პაექრობისთვის მოსამზადებლად მოსარჩელე მხარემ რამდენიმე დღე მოითხოვა, რის გამოც შემდეგი პროცესი 22 დეკემბრისთვის დაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლო  პრეზიდენტ სააკაშვილის იმ ბრძანებულების კანონიერებაზე მსჯელობს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილ-ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.

ივანიშვილ-ხვედელიძის ადმინისტრაციული სარჩელის მოპასუხე მიხეილ სააკაშვილია. საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე შოთა გეწაძემ 12 დეკემბერს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი