ახალი ამბები

ივნისი, როგორც უმნიშვნელოვანესი პერიოდი ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში

2 ივნისი, 2016 • 1723
ივნისი, როგორც უმნიშვნელოვანესი პერიოდი ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ივნისი ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტი მუშაობას ასრულებს. შესაბამისად, თუ საქართველოს ამ საკითხის სწრაფად გადაწყვეტა სურს, უნდა ეცადოს, რომ ევროპარლამენტარებმა ყველა დარჩენილი პროცედურა  შვებულებამდე დაასრულონ.

თეორიულად შესაძლებელია, რომ ამ პროცესის დასრულება ივნისში ვერ მოესწროს და საკითხმა დროში გადაიწიოს – ასე ფიქრობს ვანო ჩხიკვაძე, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” თანამშრომელი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს არასამთავრობო სექტორიდან აკვირდება. იგი გვიხსნის, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს 9-10 ივნისის შეკრებას, რადგან მანამ, სანამ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტი უყრის კენჭს, თავისი დადებითი გადაწყვეტილება საბჭომ უნდა მიიღოს.

გუშინ, 1 ივნისს, ბრიუსელში, ვროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (კორეპერი) სხდომა გაიმართა. როიტერის ცნობით,  კორეპერი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდა, საკითხს ეწინააღმდეგებოდნენ საფრანგეთისა და ესპანეთის წარმომადგენლები.

კორეპერი ამ საკითხზე ვერც 24 მაისის სხდომაზე შეთანხმდა. ეს ინფორმაცია მაშინ რადიო “თავისუფლებამ” გაავრცელა.

“მუდმივი წარმომადგენლები [კორეპერი] ამზადებენ გადაწყვეტილებას საბჭოსთვის. საბჭოს სხდომა დაგეგმილია ივნისის დასაწყისში. ჩვენი მიზანი და სურვილია, რომ მუდმივმა წარმომადგენლებმა განხილვების დროს მოამზადონ საკითხი უკვე პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა ამ საკითხის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 25 მაისს.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, 10 ივნისს უნდა გაიმართოს ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბჭო საქართველოს საკითხზე სწორედ 10 ივნისს იმსჯელებს, გვიდასტურებს ლევან ბერძენიშვილიც, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე: “რაც შეეხება ევროკავშირის საბჭოს, იქ ვეღარ გაჭიანურდება, უკვე ზის დღის წესრიგში”, – ამბობს ბერძენიშვილი და აგრძელებს: “ასე დაგვარწმუნეს [რომ 10 ივნისს იტყვის საბჭო თავის საბოლოო პასუხს] სათანადო მეგობრებმა. მაგის შემდეგ ამოვისუნთქავთ მაინც”.

“ამ წუთის მდგომაროებით ევროპარლამენტი ელოდება საბჭოს გადაწყვეტილებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ 9-10 ივნისს შეიტანოს ეს დღის წესრიგში. შემდეგ უფრო აქტიურად იქნება საჭირო ლობირება, რომ ევროპარლამენტმა განიხილოს საკითხი სწრაფად. მე რამდენადაც მახსოვს, 8 ივლისიდან შვებულებაში გადიან უკვე. საჭირო იქნება, რომ ეს მანამდე განიხილონ, თორემ მერე არ მგონია, რომ მოესწროს”, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ვადებთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით, საჭიროა პოლიტიკური ნება:

“როგორც ჩანს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს 9 ან 10 ივნისს. თუ პოლიტიკური ნება იქნა, საკმარისი დრო რჩება იმისთვის, რომ LIBE-ს კომიტეტმა [ევროპარლამენტის კომიტეტი, რომელიც სხვა ქვეყნებთან სავიზო საკითხებზე მუშაობს] მიიღოს და ევროპარლამენტმაც კენჭი უყაროს საკითხს. ეს ნიშნავს, რომ შვებულებაში გასვლამდე ორივე საკანონმდებლო ორგანო (საბჭო და პარლამენტი) ასწრებს საკითხის მიღებას. ტექნიკურად ამას უნდა მოჰყვეს ორმხრივი ხელმოწერა და სამ კვირაში ამოქმედება. აი, ასეთ ვითარებაში, ჩვენი მოქალაქეები აგვისტოში, ან სექტემბერში უკვე ისარგებლებენ ამ სიკეთით. იგულისხმება, რომ სხვა ქვეყნების საკითხი ჩვენთან ერთად არ განიხილება. მოვლენათა ასეთ განვითარებაზე მიგვანიშნა ავრამოპულოსმა (ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში ). კაცმა რომ თქვას, როდესაც ევროკავშირის საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას, საკითხი პოლიტიკურიდან გახდება წმინდა ტექნიკური”, – ამბობს ბერძენიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი იმისათვის, რომ ევროკავშირში პროცედურების სწრაფად დასრულების პოლიტიკური ნება არსებობდეს, ლევან ბერძენიშვილი ჩვენს შეკითხვას ასე პასუხობს:

“აი, აქ კი ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. თუმცა მაინც ვაკეთებთ: საგარეო საქმეთა მინისტრი ხშირად სტუმრობს ბრიუსელს, ელჩი ნატალი საბანაძე ზეაქტიურია, პარლამენტის საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები (ძველი და ახალი, ანუ ვიკა დოლიძეც) უშუალო კონტაქტებით ცდილობენ დაჩქარებას, მოგერინი და ავრამოპულოსი გვერდში გვიდგანან…”, – ამბობს ბერძენიშვილი.

ვანო ჩხიკვაძე კი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე პროცესის დაჩქარების მიზნით პარლამენტსა და მთავრობას შემდეგი სახის რეკომენდაციებს აძლევს:

“კარგი იქნებოდა, კიდევ ერთი რეზოლუცია რომ მიეღო საქართველოს პარლამენტს ამასთან დაკავშირებით. უნდა დაიწყოს დისკუსია საქართველოს საკითხის მომხსენებლებთან იმისათვის, რომ უფრო სწრაფი ტემპებით წავიდეს პროცესი. ასევე, კარგი იქნება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წერილი მისწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტს”.

მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ოფიციალურად აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით მასზე დაკისრებული ყველა მოვალეობა წარმატებით შეასრულა და ევროპარლამენტს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოსთვის სავიზო რეჟმის გაუქმების მიზნით, ევროკავშირის საკითხზე მომუშავე ექსპერტები და ჩინოვნიკები სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის უფრო მოკლე ვადებს პროგნოზირებდნენ, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა საჭირო. კულუარებში ამ საკითხზე რამდენიმე არაოფიციალური ვერსია ვრცელდება, მათ შორის ის, რომ პროცესი ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ არსებული ბერკეტების უფრო გაძლიერების მცდელობამ შეაფერხა. საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან უკვე გაფორმებული უვიზო რეჟიმის შეწყვეტა მანამდეც შეეძლო, თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ბერკეტი საკანონმდებლო თვალსაზრისით კიდევ უფრო გააძლიერა. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირში არ სურდათ ახალი უვიზო შეთანხმებების დადება მანამ, სანამ ზემოხსენებული ბერკეტის საკანონმდებლო გაძლიერების პროცესს არ დაასრულდბენენ.

ვანო ჩხიკვაძის აზრით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დროში არ გაიწელოს. მისი თქმით, საკითხი არ დგას ისე, მისცემენ თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმს, საუბარია იმაზე, როდის მოხდება ეს:

“უვიზო რეჟიმის მოლოდინი ძალიან მაღალია ქვეყანაში. რეგიონებში როდესაც ჩავდივართ, ვხვდებით ადამიანებს და ვლაპარაკობთ. თემა, რომლის მიმართაც ყველა ძალიან დიდ ინტერესს იჩენს, უვიზო მიმოსვლაა. ამის გადავადებას ვინ, რა კუდს მოაბამს, არავინ იცის. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ის, რასაც ევროკავშირი და მთავრობა პირდებიან, ცარიელი სიტყვები არ არის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდეს ეს ყველაფერი, რათა პროევროპულ ძალებს ჰქონდეთ იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი რასაც ამბობს, იმას ასრულებს”, – აცხადებს ჩხიკვაძე.

თუ 9-10 ივნისს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თავის დადებით პოზიციას დააფიქსირებს,  ივნისის ბოლომდე, ანუ ევროპარლამენტარების შვებულებამდე უნდა მოესწროს LIBE-ს კომიტეტის მინიმუმ ერთი სხდომა, რადგან უცნობია, მოხსენება და კენჭისყრა ერთსა და იმავე სხდომაზე გაიმართება თუ არა. ასევე რჩება ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატების უმრავლესობამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უნდა დაუჭიროს მხარი.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამ ეტაპების დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი