ნეტგაზეთი | საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე კორეპერი 1 ივნისსაც იმსჯელებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე კორეპერი 1 ივნისსაც იმსჯელებს – Netgazeti

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე კორეპერი 1 ივნისსაც იმსჯელებს

1 ივნისს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (კორეპერი) იმსჯელებს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე.

სხდომა ბრიუსელის დროით 10:00 საათზე დაიწყება, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საკითხად განიხილება უშუალოდ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხი.

კორეპერმა ამავე საკითხზე 24 მაისის სხდომაზეც იმსჯელა, თუმცა მაშინ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ ელჩებმა ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. კორეპერი საკითხს ათანხმებს ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომისთვის, რომელიც 10 ივნისს უნდა გაიმართოს, რომელმაც კენჭი უნდა უყაროს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთვის.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:

  • ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.
  • მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი).
  • გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
  • გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი