ახალი ამბები

პრეზიდენტი: მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება არსებობს

1 ივნისი, 2016 • 1304
პრეზიდენტი: მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება არსებობს

“კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული ხმაური იყო ბუნებრივი, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც მე მესმის სამართალდამცავი ორგანოებიდან და იმ შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომელთაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა ჰქონოდათ, დამაფიქრებელია”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა აჭარის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში. გარდა დამაფიქრებლისა ზემოხსენებულ “სიჩუმეს” პრეზიდენტმა შემაშფოთებელი უწოდა.

“კორცხელი 2016 წლის არჩევნების რეპეტიცია იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გამოწვევაა, რაც ქვეყანას აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, როგორც სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიას აშენებს. ამ რეპეტიციის მიმართ უნდა ყოფილიყო სამაგალითო რეაქცია”, – თქვა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც ამ პროცესებს აკვირდება, მას უჩნდება ეჭვი, რომ “მმართველ კოალიციაში გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება არსებობს”.

“ეს თავქარიანი, მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა ნაციონალური მოძრაობისგან როგორც ზონდერული პოლიტიკა, ასევე მთელი ის მექანიზმები, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას  ჰქონდა და რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით ოთხი წლის წინ, ასე უყურებს პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. მათ ნაციონალების მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა საქართველოს სთავაზობენ, რომ ასე წარმართავენ პოლიტიკას. ქართულმა საზოგადოებამ ნაციონალურ მოძრაობას სწორედ ამ ძალადობის გამო უთხრა უარი და ხელისუფლებიდან გაუშვა. არავის ეგონოს, რომ ისინი იმავე მექანიზმებით შეძლებენ ქართული საზოგადოებისათვის რაიმე ტიპის გადაწყვეტილების თავს მოხვევას. არჩევნები, პირველ რიგში, საზოგადოებას ეკუთვნის და შემდეგ პოლიტიკოსებს. ყველამ იცოდეს, რომ ამ მოძველბიჭო ჯგუფს, რომელიც რაღაცას გეგმავს, უნდა გაეცეს პრინციპული პასუხი სახელმწიფოსგან. ბუნებრივია, მე ვიქნები ჩართული ამ პროცესებზე ზედამხედველობის და გააზრების თვალსაზრისით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი