ახალი ამბები

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “რესპუბლიკელებმა” შესაძლოა მხარი დაუჭირონ

1 ივნისი, 2016 • 1480
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “რესპუბლიკელებმა” შესაძლოა მხარი დაუჭირონ

“რესპუბლიკურ პარტიას” არ აქვს გადაწყვეტილი, მხარს დაუჭერს თუ არა პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე.  თამარ ხიდაშელის განცხადებით, არსებობს მხარდაჭერის ალბათობა, რადგან შემოთავაზებული ვარიანტი პარლამენტის მიერ მიღებულს სჯობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ კანონი არსებითად არ უმჯობესდება.

“პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კომპრომისული ვარიანტია. ის კანონის გაუმჯობესებულ ვერსიას გვთავაზობს. ეს  ვერსია ნამდვილად სჯობს პარლამენტის მიღებულ ვარიანტს, თუმცა ეს არ არის კანონის არსებითი გაუმჯობესება. ფრაქცია “რესპუბლიკელებში” საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ, მაგრამ არის ალბათობა, რომ ამ მოტივირებულ შენიშვნებს მხარი დავუჭიროთ სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტის შემოთავაზებული ვარიანტი სჯობს პარლამენტის მიღებულ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ,” – ამბობს ხიდაშელი.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი არ ეთანხმება პარლამენტს იმაში, რომ გადაწყვეტილება ყველა კანონთან მიმართებაში მიღებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ მას მხარს მოსამართლეთა შემადგენლობის 2/3 დაუჭერს. მოსამართლეთა სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად პრეზიდენტს მხოლოდ “ისეთ სპეციფიკურ და მნიშვნელოვან საკითხებთან” დაკავშირებით მიაჩნია, როგორებიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები.

“კვორუმთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა. კომისია ცალსახად გვთავაზობს კვორუმის დაწევას და ამას გვისაბუთებს ევროპული ქვეყნების კანონმდებლობით. ეს აბსოლუტურად ემთხვევა ფრაქცია “რესპუბლიკელების” მოსაზრებას.  პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას ჩვენ ასეთი კვორუმის დაწესებას არ ვემხრობოდით , ჩვენ გვქონდა ცალსახა პოზიცია, რომ კვორუმი ნებისმიერ შემთხვევაში დაბალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრეზიდენტის ვარიანტი კომპრომისული ვერსიაა. პრეზიდენტი მაღალ კვორუმს ტოვებს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით და ეს რამდენიმე საკითხი, სამწუხაროდ, საკმაოდ ვრცელი არის,”- აცხადებს ხიდაშელი.

ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის შენიშვნები ასევე ნაწილობრივ გაითვალისწინა ერთი მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის სასამართლოს კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის ნაწილში:

“ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა მოსაზრება, რომ ერთ  მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს საქმის გადაცემის უფლება, მაგრამ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, რომ თუ ეს დათქმა დარჩება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების კვორუმმა აქაც უნდა დაიწიოს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში კვორუმი დაწეულია. ”

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 31 მაისს ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენივშნები დღესვე გაიგზავნება პარლამენტში.

“პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს, ეს შეეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, მოსამართლეების 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად მომზადებას. მაქვს იმედი, რომ ჩვემი პოზიციები იქნება გაზიარებული პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა. პრეზიდენტი სწორედ ვენეციის კომისიის შეფასებებს ელოდა, ვიდრე მიიღებდა გადაწყვეტილებას ვეტოს თაობაზე.

ვენეციის კომისიამ ამ კანონზე წინასწარი დასკვნა 27 მაისს გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია წინასწარ დასკვნაში კრიტიკულად აფასებს კანონის იმ პუნქტებს, რომლებიც საქართველოში დებატების, არასამთავრობო სექტორის და ოპონენტი დეპუტატების კრიტიკის საგანი იყო.

ვენეციის კომისიის აზრით, კანონიდან უნდა ამოიღონ ისეთი პუნქტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას რისკის ქვეშ აყენებს.

ვენეციის კომისია მკაცრად აკრიტიკებს ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უზღუდავს უფლებამოსილებას ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე:

“მაშინ, როცა მოსამართლის 10-წლიანი მანდატი კონსტიტუციასთან შესაბამისად გამოიყურება, რთულია და გაუგებარია, რატომ არ შეუძლია მოსამართლეს სრულად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლება თავისი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში.  იმის მიუხედავად, რომ მანდატის ასე შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს”, – წერს კომისია წინასწარ დასკვნაში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებს აკრიტიკებდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან კანონს მხარი არ დაუჭირეს “რესპუბლიკელებმა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი