ახალი ამბები

ვაშაძე ბუკიას: რა სტანდარტია წყევლა პოლიტიკაში? ბარემ ჯადო გამიკეთე

1 ივნისი, 2016 •
ვაშაძე ბუკიას: რა სტანდარტია წყევლა პოლიტიკაში? ბარემ ჯადო გამიკეთე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიასა და ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში საქართველოში პოლიტიკური კულტურა უკეთ განვითარდებოდა. მისი თქმით, 2008 წელს ასეთი სისტემა რომ გვქონოდა, დღეს ქვეყანაში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იქნებოდა:

“2008 წელს რომ ყოფილიყო ეს საარჩევნო სისტემა,  ჩვენ დღეს ქვეყანაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა  ყველა მიმართულებით. ეს მარტო ოპოზიციური პარტიებისთვის კი არა, ნაციონალური მოძრაობისთვისაც კარგი იქნებოდა.  იქნებოდა მეტი პოლიტიკური კონკურენცია, იქნებოდა მეტი საპარლამენტო კონტროლი და იქნებოდა მეტი მექანიზმი, რომ ქვეყანაში წარმოშობილი პრობლემები გადაჭრილიყო,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიგა ბუკიას განცხადებით, 2008 წელს საარჩევნო სისტემა არაფერს შეცვლიდა:

“2008 და 2012 წელს დევნა იყო და მოსახლეობის ტერორი იყო. ამ პირობებში რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა სისტემა იქნებოდა?  ესაა შენი სიმართლე? მაგ სიმართლით იარე შენ.”

ამის საპასუხოდ გიორგი ვაშაძემ ბუკიას უთხრა:

“ეს რა არის, რა სტანდარტია წყევლა პოლიტიკაში? ბარემ ჯადო გამიკეთე”.

სხდომის განმავლობაში გიგა ბუკია, ვაშაძის გარდა, თამარ კორძაიასა და ირაკლი ჩიქოვანსაც დაუპირისპირდა.   ბიუროს დაწყების გამო სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, განახლების შემდეგ დეპუტატები ე.წ. გერმანულ მოდელს კენჭს უყრიან.

“რესპუბლიკური პარტიის” მიერ ინიცირირებული ე.წ. გერმანული მოდელით, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომლებიც გადალახავენ 5%-იან ბარიერს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი