ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, დათა ახალაია სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

30 მაისი, 2016 •
პროკურატურის ცნობით, დათა ახალაია სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დავით ახალაია, გერონტი ალანია და იოსებ თოფურიძე დამნაშავედ ცნეს.

დათა ახალაია, იოსებ თოფურიძე და გერონტი ალანია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 14 მარტს   საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის III ნაწილით ცნეს დამნაშავედ. მათ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით.

პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 5 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, მის მოადგილესთან იოსებ თოფურიძესთან, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსთან – გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ „მოდულის“ შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შს სამინისტროს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში“ შ.ს. მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს.

დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძესა და გერონტი ალანიას მიმართ განაჩენი დაუსწრებლად წარედგინათ, რადგან  ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი