ახალი ამბები

დათა ახალაიას “ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე” 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

21 დეკემბერი, 2016 • 3600
დათა ახალაიას “ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე” 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიასა და გიორგი დგებუაძის მიმართ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  

დავით ახალაიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა თორმეტი წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გიორგი დგებუაძეს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით  ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაია გაამართლა ძალადობით და იარაღის გამოყენებით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მოხელის მიერ ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებაში.

ბრალდებულ გიორგი დგებუაძის მიმართ, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა და მისი მსჯავრდება მოხდა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირი განზრახ მკვლელობაში დახმარებისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

პროკურატურა ორივე ბრალდებულს ედავებოდა  ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას, ასევე ძალადობით და იარაღის გამოყენებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

დათა ახალაიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

პროკურატურის მტკიცებით, 2006 წლის 12 იანვარს ბაჩო ახალაიამ, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის რანგში, თავის ძმას დავით ახალაიას წერილით ამცნო, რომ N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მზადდებოდა პატიმრების მასობრივი გაქცევა და მოითხოვა რეაგირება.

დავით ახალაიას, როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს, ჰქონდა ვალდებულება, დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება, თუმცა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და არ უზრუნველყო მოკვლევის ჩატარება. დავით ახალაიამ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის წარმოჩენის, საკუთარი და ძმის ძალაუფლების დემონსტრირებისა და პატიმრებს შორის შიშის სინდრომის დასანერგად დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სისრულეში მოიყვანა მურად გ.-ს, რომან ს.-ს და მარად ა.-ს მკვლელობა, ეს უკანასკნელნი კი თავად დაიყოლიეს თითქოსდა გაქცევის ორგანიზების საქმეში ჩართვაზე, აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, 2006 წლის 12 იანვარს დავით ახალაია, გიორგი დგებუაძე, კ.უ.დ.-ს სხვა მაღალჩინოსნებთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად მივიდნენ ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე და განლაგდნენ იმგვარად, რომ ავტოსადგურის ტერიტორია ჩაკეტილიყო სამი მხრიდან და ადგილზე მისულ პირებს არ ჰქონოდათ გაქცევის საშუალება. უიარაღო მურად გ.-ს, რომან ს.-ს და მარად ა.-ს ადგილზე მისვლისთანავე სპეცრაზმმა გაუხსნა ცეცხლი. მას შემდეგ, რაც მიღებული დაზიანებების შედეგად ხსენებული პირები მიწაზე დაეცნენ, დავით ახალაიამ ცეცხლსასროლი იარაღით მოახდინა საკონტროლო გასროლა თავის არეში მურად გ.-ს მიმართულებით, კ.უ.დ.-ის პირველი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსმა ოპერატიულმა თანამშრომელმა გიორგი მ.-მ – მარად ა.-ს მიმართულებით, ხოლო გიორგი დგებუაძემ- რომან ს.-ს მიმართულებით. ‘’სპეცოპერაციის’’ დასასრულს, დავით ახალაიას მითითებით, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა სათითაოდ დაალაგა გარდაცვლილების გვამებთან ცეცხლსასროლი იარაღი, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში გიორგი დგებუაძის მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ, მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

დათა ახალაია საზღვარგარეთ იმყოფება. მას ინტერპოლი ეძებდა, თუმცა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი