ახალი ამბები

მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა კვლავ საკამათოა

13 დეკემბერი, 2011 • • 1117
მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა კვლავ საკამათოა
83 მაჟორიტარი, ხოლო 67 პროპორციული გზით არჩეული დეპუტატი – დეპუტატთა რაოდენობის ამდაგვარ გადანაწილებას 150 დეპუტატიან პარლმენტში საარჩევნო გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიებისთვის მორიგ უშედეგო და არაფრისმომცემ ნაბიჯად აფასებენ.

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” პოლიტიკური მდივნის გოგა გოგნიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კი ხელისუფლება მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის 83-მდე გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ოპოზიციური პარტიებისთვის არასახარბიელო იქნება.   

“ჩვენი მოთხოვნა იყო პირველ რიგში პროპორციული წილის გაზრდა. იმიტომ რომ პარტიული აღმშენებლობა სხვანაირად შეუძლებელი იქნება დღევანდელ სიტუაციაში,” – განაცხდა გოგნიაშვილმა.

პარლამენტში ძალთა გადანაწილებები მაჟორიტარებსა და პროპორციული სისტემით არჩეულ დეპუტატებს შორის ჯერ კიდევ 2008 წლის საპარლამენტო არჩვენების წინა პერიოდში “ახალი მემარჯვენეების” უკმაყოფილების მიზეზი გახდა. “ახალი მემარჯვენეების” წევრის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, 2008 წლის საპარლამენტო არჩვენების წინა პერიოდში ჩვენ და არამარტო ჩვენ, ძალიან სერიოზული პროტესტის (შიმშილობის სახით) გამოხატვა მოგვიწია. მაშინ 150–მდე შემცირებულ პარლამენტში უკვე ხელისუფლებამ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” “მოქალაქეთა კავშირიდან” მეკვიდრეობით მიღებული განზრახვა განახორციელა და ე.წ. 75/75–ზე დაჯდა პროპორცია, რომელიც აპრიორი ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ ძალას წაადგებოდა. პრაქტიკულად ხელისუფლებას 50 პროცენტი გარანტირებული აქვს პარლამენტში. ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით მაშინ. დღესაც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული 83/67–ზე გადანაწილება, სადაც 83 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება დამღუპველია ოპოზიციისთვის და ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჩიხრაძემ.

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის შეფასებით, ოლქებს შორის ამომრჩეველთა დისპროპორცია და ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული პროექტი, მაჟორიტარტა რაოდენობის გაზრდის შესახებ ეწინააღმდეგება საარჩევნო პროცესში ჩართული პარტიების მიზანს.

“ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არის რომ სხვაობა სხვადასხვა ოლქებს შორის იყოს 10 პროცენტი და განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს 15 პროცენტი. არსებული დღევანდელი სიტუაციით ეს სხვაობა არის 2500 პროცენტზე მეტი და 10 ოლქის დამატებით ეს სხვაობა ჩამოვა 1400 პროცენტამდე. მოდით ვთქვათ, რომ ეს არ არის არანაირად პრობლემის გადაჭრა.

კიდევ ერთი რამ. როდესაც დეპუტატთა რაოდენობა იზრდებოდა პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი იყო იმ მიღწევაზე, რომ პროპორცია გაიზარდა პროპორციული სიების სასარგებლოდ. ხოლო თუ ახლა გაიზრდება მაჟორიტართა რიცხვი, მაშინ ის ეწინააღმდეგება იმ მთავარ მიღწევას, რომლითაც ყოველთვის აპელირებდა მონაწილე პარტიები,” – აღნიშნა ხატისკაცმა.  

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი კი ხაზგასმით აღნიშნავს, ვერ გავაკეთებთ იმას, რომ იყოს საქართველოში მუნიციპლიტეტები, რომლებსაც წარმომადგენელი არ ეყოლება.    

“ზოგადად ის საარჩევნო სისტემა, რომელიც გვაქვს, ეს უკავშირდება მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს. ვენეციის კომისიის შეფასებაშიც ნათქვამია, რომ არის დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი. რაც შეეხება განსხვავებებს, რომელზეც ხაზგასმულია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომ არის მაჟორიტარული ოლქები სადაც 6 000 ამომრჩეველია, მათ შორის ყაზბეგი და არის მაჟორიტარული ოლქი, სადაც 160 000 ამომრჩეველია, მაგალითად სამგორის საარჩევნო ოლქი, კი ასეთი განსხვავებები ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჩვენი პრინციპი ძალიან მარტივია. ყველა იმ მუნიციპალიტეტს, რომელიც საქართველიოში არსებობს უნდა ჰყავდეს მაჟორიტარული წესით არჩეული თავისი წარმომადგენელი საქართელოს პარლამენტში,” – განაცხადა კუბლაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, თავი და თავი არსებული პრობლემის არის 90-იანი წლიდან მოყოლებული, როდესაც ეერთიმეორისგან დამოუკიდებლად არსებობს პროპორციული და მაჟორიტრული ნაწილი.

‘ასეთ შემთხვევაში, როდესაც საერთო შედეგები დგება, მანდატების განაწილება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის არ შეესაბამება იმ პროპორციას, რომელიც ჩანდა პროპორციული ხმის მიცემის სისტემიდან, – აღნიშნავს ხმალაძე.    

მისივე თქმით, 40 დეპუტატის (8 ემატებოდა მაჟორიტარულს, 32 – პროპორციულს)  დამატების შემთხვევაში არაპირველ ადგილზე გასულ პარტიებს შეიძლება მიეღოთ დამატებით ერთიდან სამ მანდატამდე. რაც ძალთა თანაფარდობის თვალსაზრისით რეალურ სურათს არ შეცვლის.

ამჟამად, პარლამენტში 150 მანდატი თანაბრად ნაწილდება 75/75–ზე, პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი