ახალი ამბებისამართალი

საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

28 მაისი, 2016 •
საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

საკონსტიტუციო სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის კომენტარს ვენეციის კომისიის შუალდეურ დასკვნასთან დაკავშირებით და მის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის და საზოგადობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მიზანმიმართულ მცდელობას უწოდებს.

საუბარია მინისტრ თეა წულუკიანის მიერ 27 მაისს გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც იუსტიციის მინისტრი საუბრობს ვენეციის კომისიის დასკვნის თაობაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კანონს შეეხება.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ვენეციის კომისია ალბათ  მოიწონებს კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, “საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ ათ წელს უნდა მსახურობდნენ და არა ათ წელზე მეტს, როგორც ეს აქამდე იყო პრაქტიკა, რომ იგრძელებდნენ თვითონვე უფლებამოსილების ვადას”.

საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, საჯაროდ დაასახელოს ის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად იქნა გახანგრძლივებული. თუმცა მინისტრს თავის განცხადებაში სიტყვა “ხელოვნური” არ უხსენებია.

“საკონსტიტუციო სასამართლოს  ოცწლიანი ისტორიის მანძილზე ერთხელ შეიცვალა სასამართლოს ძირითადი შემადგენლობა და რამდენიმე შემთხვევაში – ცალკეული მოსამართლეები. აქედან მხოლოდ სამ შემთხვევაში (2006, 2011 და 2014 წლებში), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაესრულებინათ მიმდინარე საქმეები. აღნიშნული ვადა არც ერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა 3 თვეს. ამასთანავე, კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს ამ პერიოდის განმავლობაში ახალი საქმის განხილვას, მოსამართლე უფლებამოსილია დაასრულოს მუშაობა მხოლოდ მიმდინარე საქმეზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, დაასრულოს მიმდინარე საქმეები, ემსახურება კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურ განხორციელებას და კონკრეტული მოსარჩელის ინტერესების დაცვას. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ მიიჩნევს იუსტიციის მინისტრი, რომ აღნიშნული რეგულაცია იწვევს მისი გამოყენების მანკიერ პრაქტიკას, რის გამოც საჭიროებს მყისიერ შეცვლას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს  ოცწლიანი ისტორიის მანძილზე აღნიშნულ ნორმას არასდროს გამოუწვევია საკონსტიტუციო სასამართლოს ან ახლად არჩეული მოსამართლის საქმიანობის შეფერხება”, – აცხადებს საკონსტტუციო სასამართლო.

ვენეციის კომისიამ 27 მაისს გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე, რომელიც პარლამენტმა 14 მაისს დაამტკიცა დაჩქარებული წესით. კანონი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის 10-წლიან ვადას აწესებს, რომლის შემდეგაც მოსამართლეს უფლებამოსილება შეუწყდება. გარდა ამისა, ამ ცვლილების მიხედვით, მოსამართლეს ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე აღარ ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა ახალი საქმეების განხილვაში.

ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში ამ საკითხზე მართლაც არის ყურადღება გამახვილებული და  წარმოდგენილია კრიტიკული მოსაზრებებიც.

კერძოდ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა პრინციპი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა დატოვოს სასამართლო მხოლოდ მაშინ, როცა ახალი მოსამართლე შეუდგება თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. თუმცა ამის მიღწევას შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდეს.

“მაშინ, როცა მოსამართლის 10-წლიანი მანდატი კონსტიტუციასთან შესაბამისად გამოიყურება, რთულია და გაუგებარია, რატომ არ შეუძლია მოსამართლეს სრულად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლება თავისი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში.  იმის მიუხედავად, რომ მანდატის ასე შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია, ეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს”, – წერს კომისია წინასწარ დასკვნაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი