საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ვენეციის კომისიას მოეწონება, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნომინაციაში.
“ჩვენ ყველანი ველოდებით ამ დასკვნას, რომლის გამოქვეყნებაც საქართველოს პრეზიდენტმა 7 დღეში მოითხოვა. მე მქონდა შესაძლებლობა, მთავრობის და პარლამენტის პოზიცია გამეზიარებინა არა მხოლოდ ვენეციის კომისიის სამდივნოსთვის, როგორც ეს პრეზიდენტის დელეგაციამ გააკეთა, არამედ იმ მომხსენებლისთვის, რომელმაც უშუალოდ დასკვნა უნდა შეადგინოს სხვა მომხსენებელთან ერთად.
პირველადი შთაბეჭდილებები მე უკვე მაქვს და ამაზე ვისაუბრე. პრეზიდეტი რომ აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნომინაციაში, ეს მოწონებული იქნება ვენეციის კომისიის მიერ. მე არ ვიცი, ეს სიახლე რამდენად მოსწონს ან არ მოსწონს პრეზიდენტის აპარატს, მაგრამ კონსტიტუციურია, რომ პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი და უზენაესი სასამართლო არ მონაწილეობდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაში. ალბათ ასევე მოწონებული იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ ათ წელს უნდა მსახურობდნენ და არა ათ წელზე მეტს, როგორც ეს აქამდე იყო პრაქტიკა, რომ იგრძელებდნენ თითონვე უფლებამოსილების ვადას.
გადაწყეტილებათა გამოქვეყნების ძალაში შესვლის წესებიც მოწონებული უნდა იყოს ალბათ, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა. შეიძლება იყოს შენიშვნები კვორუმთან დაკავშირებით და ამას ველოდით, რა ტიპის შენიშვნა იქნება და როგორი. ვენეციის კომისიამ ღიად განაცხადა ჩემთან საუბრისას, რომ მათ იციან, რომ პრეზიდენტს ეს დასკვნა ვეტოს დადების ან არ დადებისთვის სჭირდება თუმცა, მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს სხვა მიზანი, ვიდრე საქართველოს მთავრობას. მასაც იგივე მიზანი აქვს, რაც საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყოს უფრო ძლიერი, სტაბილური ორგანიზაცია, მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი პოლიტიკისგან, იქნება ეს პოლიტიკა მმართველი გუნდის თუ იქნება ოპოზიციის”, – განაცხადა წულუკიანმა.