ახალი ამბები

პრემიერი: პრევენციისათვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება კორცხელის ინციდენტზე

27 მაისი, 2016 •
პრემიერი: პრევენციისათვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება კორცხელის ინციდენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კორცხელის ინციდენტს, რომელსაც “მიუღებელი” და “სამწუხარო” უწოდა.

“მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, რომ უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში კონფრონტაციის და ასეთი ტიპის დაპირისპირების გარეშე მოახერხონ საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის უმნიშვნელოვანესი და მინდა ყველა ჩვენს მხადამჭერს, პირველ რიგში, ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარომადენლებს, გვეკისრება უდიდესი თმენის ვალდებულება, ასევე სამოქალაქო პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთივე დონის თმენის ვალდებულება ეკისრებათ და მათი ვალდებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც ხშირად შეიძლება პროვოკაციულადაც იმოქმედონ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით,  დიდი ყურადღებით აკვირდება ამ გამოძიების მიმდინარეობას.

“რა თქმა უნდა, პრევენციისათვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება, ასევე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ძალოვანი უწყებების თანამშრომშრომელებს, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ, რომ ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ იყოს მაქსიმალური მობილიზება შემდგომში, როდესაც ჩვენ ოქტომბერში ჩავატარებთ არჩევნებს. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რომ ასეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს და ძალოვანი უწყებები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. ასევე დავალება მივეცი იუსტიციის სინისტროს, რომ წარმოადგინოს ასეთ მოვლენებზე სასჯელის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შესაბამისად, მთავრობის სხდომა სწორედ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვით დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, საარჩევნო პროცესში ძალადობა, შესაძლოა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებობს სხვადასხვა ტელევიზიის ვიდეომასალა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ფიზიკური შეურაცხყოფა არის ასახული.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი).

24 მაისს, ღამით ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები შსს-ში გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და გადაწყვიტეს, ვითარების გასარკვევად თავად მისულიყვნენ. ისინი გამოძიებას არ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი