თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. 432-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი წელს, პირველად, თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში, კახეთში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და აჭარაში ერთდროულად დადო. ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსი და ნატოს სამხედრო დანაყოფები დაესწრნენ.
საქართველოში პირველად, მოედანზე გამოვიდნენ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები. მათ შორის: დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის, აშშ-ის საჰაერო ძალების და ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრები; საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულის ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები.
საქართველოს დავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატოს ჯარების თბილისში ვიზიტს და მათ მონაწილეობას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ცერემონიაში ისტორიული უწოდა.
“დღეს პირველად აქ, თავისუფლების მოედანზე დგას ნატოს ქართული ასეული. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტია, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს – ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. მე მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, განსაკუთრებული მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოებს ევროპულ საქართველოსთან,” – განაცხადა მინისტრმა.
ცერემონიაზე ავღანეთიდან ვიდეომიმართვით ნატოს „მტკიცე მხარდამჭერი“ მისიის ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი ჩაერთო, რომელმაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ავღანეთში სამსახურისთვის.
ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. უმაღლესმა მთავარსარდალმა დამოუკიდებლობის დღე აფხაზ და ოს ხალხს, ასევე ქართველ ემიგრანტებს მიულოცა.
მოედანზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულებს.