ოპოზიციის ალიანსმა ახალი კამანია დააანონსა – “საქართველო იმსახურებს უკეთესს”. ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, კამპანია მთელ ქვეყანას მოიცავს და დასრულდება არჩევნებით.

კამპანიის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს.

“ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, “საქართველო იმსახურებს უკეთესს”, ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ანტიქართული რეჟიმი. მე მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ პოლიტპატიმრებს, ყველას უკლებლივ, 2023 წელს დაპატიმრებულებს, 2024 წელს დაპატიმრებულებს, 2025 წელს დაპატიმრებულებს, ყველას, ვინც პატრიოტია და საქართველოს გამო იხდის უსამართლო სასჯელს. მინდა მივესალმო ამ მიტინგის უხილავ დამსწრეებს, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ხილულად იდგებიან, როცა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში არ იქნება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების წევრებმა სხვადასხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს – საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, სოციალურ პრობლემებზე, კორუფციაზე, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებზე და ა.შ.

“ჩვენ ყველას გვაერთიანებს სიცოცხლის სიყვარული.  უპირველესად სწორედ სიცოცხლის სიყვარულმა შეგვაქმნევინა სახელმწიფო. ჩვენ ვერ ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ თავისუფლებად, ჩვენ ვერ შევქმნით დოვლათს და ვერ დავგეგმავთ მომავალს, თუ არ გვეცოდინება, რომ ჩვენი და ჩვენი შვლების სიცოცხლე უსაფრთხოდაა და სახელმწიფო მას იცავს. იცავს გარე მტრებისგან, იცავს შიდ საფრთხეებისგან და, რაც მთავარია, იცავს საკუთარი თავისგან. იმიტომ, რომ სახელმწიფოს შეუძლია თავად იქცეს საფრთხე მოქალაქისთვის. სწორედ ასეთ რეიმს ვხედავთ ახლა ჩვენ, რომელმაც სახელმწიფო ჩვენთვის საფრთხედ აქცია. რომელმაც ჩვენს მეგობრებს ზურგი აქცია და ტერორისტულ რეჟიმებს აჯეჯილებს ჩვენს ტერიტორიაზე.

მაგრამ საფრთხის გარდა ჩვენ შესაძლებლობების წინაშე ვდგავართ: რუსეთი სუსტდება, მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება, რუსეთ გამოაგდეს ლათინური ამერიკიდან. რუსეთი სუსტდება ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი სუსტდება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ, რათა ჩვენი გამარჯვებით და რუსეთის მარცხით მთელმა თავისუფალმა სამყარომ იზეიმოს. ამ შესაძლებლობას ივანიშვილის რეჟიმი ვერ გამოიყენებს. ამ შესაძლებლობის გამოყენებას რეჟიმის ცვლილება სჭირდება და ჩვენ შევცვლით რეჟიმს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი საუკეთესოს იმსახურებს და საუკეთესოს მიიღებს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს და თავისუფალ ქართველ ხალხს”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა, პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი და ნიკა გვარამია

“როგორ სამშობლო გვინდა? გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე სახელმწიფოს პრიორიტეტი არ არის? სადაც სტუდენტების ორგანიზებულ სოლიდარობას საფრთხე უწოდეს? გვინდა ისეთი სამშობლო, სადაც ახალგაზრდები ჩუმად ქრებიან – ემიგრაციაში მიდიან, ან ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველ დღე გვეღუპებიან? სადაც მათ არ აქვთ ხარისხიანი განათლების, ღირსეული დასაქმებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა? გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც სიკვდილიანობა შობადობას უსწრებს? სადაც ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუები, მთელ ცხოვრების ნაშრომი, ნაჯაფარი ხალხი ხელის კანკალით ანაწილებს პენსიას წამლებსა და საკვებს შორის? სადაც მარტოხელა მშობლები, შშმ პირები თავს მიტოვებულად გრძნობენ? გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებზე ფარისევლურად საუბრობს, მაგრამ არ ზრუნავს მათ სოციალურ, ეკონომიკურ გამოწვევებზე, სიღარიბეს არ ებრძვის და იძულებით ემიგრაციას ზრდის? გვინდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც ჩაფლულია კორუფციაში და ყოველდღე ვხედავთ კორუფციაში ჩაფლული მაღალჩინოსნების სახლიდან ამოღებული ოქროს ზოდებს, ფულით სავსე ტომრებს, ასეთი საქართველო გვინდა?” – მიმართა საზოგადოებას ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა, ნანა მალაშხიამ.

აქციის დასრულების შემდეგ პოლიციამ დააჯარიმა მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე დინამიკები მიიტანა. გარდა ამისა, მას 1 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა. ნიკა ქვარცხავა არ არის ოპოზიციის ალიანსში შემავალი არცერთი პარტიის წევრი, ის უბრალოდ დაიქირავეს ტენქიკის გადასატანად.

მომხდარიდან მალევე ოპოზიციის ალიანსმა გაავრცელა განცხადება და საზოგადოებას ქვარცხავას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ეს მანქანა მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ ახლა განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა. პრაქტიკულად, 1 წელი რჩება შემოსავლის გარეშე, რუსული რეჟიმის შურისძიების გამო. ერთად დავეხმაროთ, ვისაც გული შეგვტკივა. ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია.
ანგარიშის ნომრები:
  • საქართველოს ბანკი: #GE14BG0000000538601012
  • TBC: #GE02TB7486045068100026
    მიმღები: ნიკა ქვარცხავა”, – წერია ალიანსის განცხადებაში.