ახალი ამბები

რა ცვლილებები შეიტანა სინოდმა სრულიად მართლმადიდებელთა კრებაზე განსახილველ დოკუმენტებში

25 მაისი, 2016 • 2352
რა ცვლილებები შეიტანა სინოდმა სრულიად მართლმადიდებელთა კრებაზე განსახილველ დოკუმენტებში

დღეს, 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც განიხილეს სრულიად მართლმადიდებელთა დიდ და წმინდა კრებაზე განსახილველი დოკუმენტები –  „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თნამერდვე მსოფლიოში”.

საპატრიარქოს ცნობით, წმ. სინოდმა დაადგინა, რომ დოკუმენტის, „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” ტექსტის ორი ადგილი საჭიროებს ცვლილებას.

კერძოდ, ქვეთავის „მართლმადიდებლური ქორწინება” მე-10 მუხლი და ქვეთავის „ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები” მე-5 მუხლის „ა” პუნქტში წერია: „ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე, სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ სინანულს და სიყვარულს, კურთხეულს ეკლესიის მიერ”.

წმ. სინოდი მიიჩნევს, რომ ეს ტექსტი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„ეკლესისთვის მიუღებელია ერთი სქესის მქონე პირთა შორის სქესობრივი კავშირი, ასევე თანაცხოვრების სხვა, ქორწინებისგან განსხვავებული, ნებისმიერი ფორმა და გმობს ამ ცოდვას. ეკლესია წუხს ამგვარ ცოდვაში მყოფი ადამიენების უკვდავი სულის მარადიული ხვედრის გამო და მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რათა მათ შეიცნონ ამ ცოდვის უკიდურესი სიმძიმე და ჭეშმარიტი სინანულის გზით განეშორონ მას”.

„ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზების” მე-2 ნაწილის მე-5 მუხლის „ა” პუნქტში წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”.

წმ. სინოდი მიიჩნევს, რომ უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი)”, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, „თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთნმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში”, – უნდა იქნას ამოღებული, რადგან ის უპირისპირდება VI მსოფლიო კრების 72-ე კანონს.

საპატრიარქოს ცნობით, სინოდის სხდომაზე ასევე აღინიშნა ორი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. ეს არის აფხაზეთიდან დევნილი გალის რაიონის მკვიდრის გიორგი ოთხოზორიას საზარელი მკვლელობის ფაქტი სოფ. ხურჩაში. წმინდა სინოდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ლოცულობს მისი სულისათვის. ასევე მწუხარება გამოითქვა სოფ. კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წმინდა სინოდი მოუწუდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ. ვრცლად სინოდის სხდომის ოქმი იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი