ახალი ამბები

“აუდიტორია 115”-მა სტუდენტური თვითმმართველობის ოთახები დაიკავა

25 მაისი, 2016 •
“აუდიტორია 115”-მა სტუდენტური თვითმმართველობის ოთახები დაიკავა

სტუდენტური მოძრაობის “აუდიტორია 115”-ის წევრებმა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორი ოთახი დაიკავეს. ეს გადაწყვეტილება სტუდენტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ მიერ სახელმწიფოსთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა გავიდა თვითმმართველობის გასაუქმებლად.

"აუდიტორია 115-ის" წევრებმა სტუდენტური თვითმმართვლეობის ოთახი დაიკავეს 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“აუდიტორია 115-ის” წევრებმა სტუდენტური თვითმმართველობის ოთახი დაიკავეს 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“პარასკევს არის დაგეგმილი მთავრობის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ ეს საკითხი და კონკრეტული მუხლი, რომლითაც რეგულირდება სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობა, გარდამავალი დებულების ნაცვლად, რომელზეც იყო შეთანხმება მიღწეული. საერთოდ უნდა გაუქმდეს თვითმმართვლობა – ეს არის ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა. ვინაიდან ვნახეთ, რომ სახელმწიფომ არ გამოიჩინა ნება, არ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მან ამით წაახალისა სტუდენტებს შორის დაპირისპირება. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. მოძალადეებს გავაძევებთ უნივერსიტეტიდან,” – განაცხადა აუდიტორია #115-ის წევრმა გიორგი არობელიძემ აქციაზე, რომელიც მოძრაობის წევრებმა დღეს თსუ-ის პირველი კორპუსის წინ გამართეს.

"აუდიტორია 115-მა" სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუმქების მოთხოვნით აქცია გამართა 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“აუდიტორია 115-მა” სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მოგვიანებით “აუდიტორია 115”-ის მხარდამჭერებმა შენობის შიგნით გადაინაცვლეს, სტუდენტური თვითმმართველობის კაბინეტზე აბრა ჩამოხსნეს და დაცვის თანამშრომლებს  213-ე აუდიტორიის გაღება მოსთხოვეს (სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი კაბინეტი). დაცვის თანამშრომლებისგან უარის მიღების შემდეგ მოძრაობის წევრებმა თავად სცადეს ოთახში შესვლა, რასაც თსუ-ის დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

აუდიტორია 115-ის წევრებმა, თსუ-ის თვითმმართველობის კაბინეტის დაკავება სცადეს, რასაც უნივერსიტეტის დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აუდიტორია 115-ის წევრებმა, თსუ-ის თვითმმართველობის კაბინეტის დაკავება სცადეს, რასაც უნივერსიტეტის დაცვის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე


პარალელურად, “აუდიტორია 115”-ის რამდენიმე წევრმა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კაბინეტი დაიკავა.

თსუ-ის დაცვის თანამშრომლებთან შეხლა–შემოხლის შემდეგ “აუდიტორია 115”-ის წევრებმა მოახერხეს 213-ე აუდიტროიის დაკავებაც. მათი თქმით, ეს ქმედება მიუთითებს, რომ თვითმმართველობის მუშაობა უნივერსიტეტში დასრულდება.აუდიტორია 08

სტუდენტებს შეხვდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძეც. თვალთვაძემ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

“ყველას მინდა გთხოვოთ მთელი გულით, მე ძალიან კარგად მესმის თქვენი ემოციური მდგომარეობა. მთლიანობაში სიტუაციაც ისეთივე დაძაბულია, როგორი დაძაბულებიც ახლა თქვენ ხართ. ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, რას აკეთებთ. ის, რასაც ახლა აკეთებთ, არ არის კარგი საქციელი,” – თქვა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა “აუდიტორია 115”-თან შეხვედრისას.

როგორც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი სტუდენტური თვითმმართველობის სხვა კაბინეტების დაკავებასაც გეგმავენ.

"აუდიტორია 115-ის" წევრებმა სტუდენტური თვითმმართვლეობის ოთახი დაიკავეს 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“აუდიტორია 115-ის” წევრებმა სტუდენტური თვითმმართვლეობის ოთახი დაიკავეს 25.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სტუდენტების პროტესტი  მას შემდეგ განახლდა, რაც, მათი თქმით, გუშინ თვითმმართველობის 20-მდე წევრი “აუდიტორია 115”-ის წევრს ფიზიკურად გაუსწორდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 მაისს აუდიტორია 115–ის წევრმა ცოტნე ცხვედიანმა განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტური თვითმმართველობის 20–მდე წევრი. თვითმმართველობის წევრების თქმით კი, პროვოკაცია აუდოტორია 115–ის წარმომადგენელმა მოაწყო. დღეს თსუ–ს ადმინისტრაციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი. გუშინ საღამოს აუდიტორია 115–მა ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, რომ დღეს, 18:00 საათამდე დაეფიქსირებინათ ნათელი პოზიცია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა გაუქმდება. ულტიმატუმს მთავრობა დათქმულ ვადაში არ გამოხმაურებია, რის გამოც აუდიტორია 115–ის წევრებმა აქცია დაიწყეს და მათ ძალის გამოყენებით დაიკავეს უნივერსიტეტში თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ორი აუდიტორია. ისინი კვლავაც აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას. დღის ბოლოს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და სტუდენტებს მოლაპარაკებების ზეგიდან გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ვრცლად იმ მოვლენების შესახებ, რამაც გამოიწვია თსუ–ში აუდიორია 115–ის და სტუდენტური თვითმმართველობის დაპირისპირება და სტუდენტების საპროტესტო აქციები, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი