ახალი ამბები

პაპუაშვილი: კვოტირება დისკრიმინაციულიც არის და ქალის შეურაცხყოფაა

25 მაისი, 2016 • 1339
პაპუაშვილი: კვოტირება დისკრიმინაციულიც არის და ქალის შეურაცხყოფაა

“თუ ვერ მოვნახეთ ის 50 ქალი, მერე რა ვქნათ? ან იმ გამორჩეულ, პროფესიონალ მამაკაცს რა ვუთხრათ, რატომ ვერ ვსვამთ სიაში, იმიტომ, რომ ქალი არ არის? წავიდეს, რაღაც ოპერაცია გაიკეთოს და ქალს დაემსგავსოს, თუ რა ქნას?” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა პროპორციული საარჩევნო სიების სავალდებულო გენდერული კვოტირების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

“მე მინდა დიდი სიყვარული, პატივისცემა, მოწიწება დაგიდასტუროთ ქალბატონებს, არა მარტო პარლამენტში ვინც ბრძანდებით, არამედ ზოგადად ქალბატონებს და იმედი მაქვს, რომ ქალთმოძულეობას არ დამაბრალებთ. მე უბრალოდ არ მესმის, საქართველოში როდის ან სად იჩაგრებოდა ქალბატონი იმის გამო, რომ ის ქალბატონია.”

პაპუაშვილის აზრით, სავალდებულო კვოტირება დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია:

“არ მესმის, რატომ გინდათ, რომ კვოტირება აუცილებელ ნორმად ვაქციოთ, რომ 50% იყოს ქალი და 50% კაცი. მე მაინც მგონია, რომ ეს ცოტა დისკრიმინაციულიც არის და ქალის შეურაცხყოფაა. თქვენ პარლამენტში მხოლოდ იმიტომ არ აგირჩიეს, რომ ქალბატონები ბრძანდებით, თქვენ თქვენი ცოდნით, კვალიფიკაციით ხართ არჩეული. მე ბევრი ქალბატონისთვის გამიწევია რეკომენდაცია და ყოფილა სიტუაციები, მითქვამს – იმ ხუთი კაცის ნაცვლად ამ ქალბატონს თუ მივუშვებთ, საქმე კარგად წავა-მეთქი.”

პაპუაშვილის თქმით, არც ქალის უფლებები უნდა შეიზღუდოს და არც კაცის:

“პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მივცეთ. დავალდებულება სწორი არ იქნება. არც ქალბატონის უფლებები უნდა შეიზღუდოს და არც მამაკაცის.”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეიმურაზ ჭკუასელისა და ნანა ყეინიშვილის მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმად, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ დეპუტატში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრება, რომ საარჩევსნო სიებში ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი